Site icon Civil.ge

გიტანას ნაუსედა – ლიეტუვის ახალი პრეზიდენტი

12 ივლისიდან ლიეტუვას პრეზიდენტობა მემარჯვენე-ცენტრისტმა ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ (Gitanas Nauseda) გადაიბარა.

ლიეტუველებმა ახალი პრეზიდენტი 26 მაისს აირჩიეს. გიტანას ნაუსედამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 72% მოაგროვა, მის მეტოქეს – ინგრიდა სიმონიტეს (Ingrida Simonyte) – კი მხოლოდ 28% ერგო.

ორი კვირით ადრე, არჩევნების პირველ ტურში, ხმათა ნახევარზე მეტის მიღება ვერცერთმა კანდიდატმა მოახერხა.

ნაუსედა ქართველთათვის კარგად ნაცნობ დალია გრიბაუსკაიტეს (Dalia Grybauskaitė) შეცვლის, რომელიც ლიეტუველებმა პრეზიდენტად ხუთწლიანი ვადით ორჯერ აირჩიეს.

დალია გრიბაუსკაიტე თბილისში 2018 წ. 26 მაისს საქართველოს ექსპრემიერ კვირიკაშვილთან და ექს-პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად.

როგორი წარსულისა და აწმყოს კაცია ნაუსედა?

ნაუსედა 55 წლისაა. იგი 1965 წლის მაისში ლიეტუვის საზღვაო ქალაქ კლაიპედაში დაიბადა.

უმაღლესი განათლება ნაუსედამ 1980-იან წლებში ვილნიუსის უნივერსიტეტში მიიღო. ამას არ დასჯერდა და მალევე, 1990 წელს, საბჭოთა მარწუხებისაგან ლიეტუვის გამოხსნის შემდეგ, გერმანიაში, მანჰაიმის უნივერსიტეტისაკენ გასწია.

ნაუსედამ განაცხადა, სწორედ გერმანიაში ვცანი დასავლური ცხოვრების წესი და საბაზრო ეკონომიკა ჭეშმარიტ გზადო. ისიც თქვა, ჩემი (პრო)-დასავლური განწყობები მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდებაო.

ნაუსედას ეკონომისტად და ბანკებში ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში იგი შვედური ბანკის SEB-ის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობდა. გასათვალისწინებელია, რომ შვედური SEB ლიეტუვის ყველაზე დიდი ბანკია.

ამასთან, ნაუსედა მშობლიური ალმა მატერის, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორიცაა.

ლიეტუვის ახალ პრეზიდენტს მეუღლე და ორი ქალიშვილი ჰყავს. მშობლიური ლიეტუვურის გარდა იგი ინგლისურად, გერმანულად და რუსულად საუბრობს.

როგორი პოლიტიკური ხედვები აქვს ლიეტუვის ახალ პრეზიდენტს?

გიტანას ნაუსედას ინაუგურაცია ლიეტუვის პრეზიდენტად. ფოტო: twitter.com/GitanasNauseda

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების წამყვანი თემა სოციალური უთანასწორობის პრობლემა იყო. ლიეტუვაში სიღარიბე და მდიდრებსა და ღარიბებს შორის  ეკონომიკური უთანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ ევროკავშირში.

ნაუსედაც მთავარი გზავნილებიც სწორედ სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას ეხებოდა. მან ლიეტუველებს პირობა დაუდო, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნისათვის იბრძოლებს. იგი საზოგადოებრივი დიალოგის გაძლიერებისაკენაც მოუწოდებდა ლიეტუველებს.

„სახელმწიფოს ვერ შევინარჩუნებთ, თუ მისი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია ბედნიერი, 90% კი დარდში იხრჩობაო“ – განაცხადა მან პრეზიდენტად არჩევამდე.

არჩევის შემდეგ კი თქვა, „ერთადერთი რამ, რაც დღეს მნიშვნელოვანია ისაა, რომ ჩვენ ყველანი ლიეტუვის შვილები ვართ. ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოა და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გზის მიყოლას ავირჩევთ“-ო.

ნაუსედა არცერთი პარტიის წევრი არ არის. ბევრი ლიეტუველისათვის მისი კანდიდატურა იმითაც იყო მიმზიდველი, რომ არაპარტიულობისდა გამო იგი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი პრეზიდენტი იქნება.  

საგარეო პოლიტიკა: ნაუსედა რუსეთსა და სხვა მეზობლებზე

პრეზიდენტის რანგში ნაუსედას პირველი ოფიციალური საზღვარგარეთული სტუმრობა 16 ივლისს მეზობელ პოლონეთში ჰქონდა. „პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან (Andrzej Duda) თბილ შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობა და ისტორიული კავშირები განვიხილეთ“-ო, დაწერა ნაუსედამ ტვიტერის გვერდზე.

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და გიტანას ნაუსედა. ვარშავა, 16 ივლისი, 2019.

თავისი წინასაარჩევნო კამპანიისას მან ისიც განაცხადა, პოლონეთს მხარს დავუჭერთ ამერიკული ბაზის პოლონეთის ტერიტორიაზე შემოყვანის ამბავშიო.

ამასთან, ლიეტუვის ახალი პრეზიდენტიც, წინამორბედის მსგავსად, რუსეთისადმი შეუვალ პოლიტიკას აპირებს. ნაუსედამ განაცხადა, რომ მოსკოვში მანამ არ ჩავა, სანამ რუსეთი უკრაინას ყირიმს არ დაუბრუნებს.

ნაუსედას ბელარუსთან ურთიერთობის საკითხისთვისაც არ აუვლია გვერდი. ლიეტუვასა და ბელარუსს ამჟამად მაინცდამაინც შესაშური ურთიერთობა არა აქვთ, რადგანაც ბელარუსმა ლიეტუვის საზღვართან ახლოს ასტრავეცის ატომური ელექტროსადგურის აშენება დააპირა.

ელექტროსადგურს ბელარუსი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსიდან 45კმ-ში აშენებს, რასაც ნაუსედა ლიეტუვის “ხალხისა და უშიშროებისადმი მდგარ საფრთხედ“ განიხილავს. თუმცა, „მზადა ვარ“ ბელარუსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლადო, განაცხადა მან.

DELFI-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნაუსედამ თქვა, მეზობლებთან ურთიერთობა ლიტვისათვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებთან და პოლონეთთანო.

მას არც საქართველო და უკრაინა გამორჩენია. „ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ უკრაინა, საქართველო და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, რომლებთანაც ტრადიციულად კარგი ურთიერთობა შევინარჩნეთ“-ო.

პრეზიდენტის როლი ლიეტუვაში

ლიეტუვის პრეზიდენტს შეზღუდული ძალაუფლება აქვს, თუმცა იგი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი ფიგურაა. მაგალითად, სწორედ პრეზიდენტი წარადგენს ლიეტუვას ევროკავშირის სამიტებზე.

პრეზიდენტი ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიცაა. ამასთან, პრემიერ მინისტრის ან პარლამენტის თანხმობით, იგი ნიშნავს მინისტრებს, მოსამართლეებს, მთავარ პროკურორს, ცენტრალური ბანკის მმართველს და სხვ.

პრეზიდენტს შეუძლია ვეტოც დაადოს პარლამენტის მიღებულ კანონებს.

ვილმორუსის (Vilmorus) 2019 წლის ივნისის კვლევების თანახმად, ლიეტუველთა 58.2% ენდობა საპრეზიდენტო ინსტიტუტს, მაშინ როდესაც, ქვეყანაში პოლიტიკური პარტიებისაკენ მხოლოდ 6.2%-ს მიუწევს გული.

სტატია მომზადებულია Delfi.lt-ზე, France 24-ზე, Washington Post-ზე, Presidential-power.com-ზე, DW-ზე, EURACTIV-სა და რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით.