Site icon Civil.ge

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობა, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/civil.ge

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ტელეკომპანიის წილის 60% – უშუალოდ ბიზნესმენს, 40% კი მისივე საკუთრებაში მყოფ შპს პანორამას გაუფორმდა.

საჯარო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადების საფუძველზე მიიღო და ის ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებას, რომელმაც, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე ქონებრივ დავაში, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ 2017 წლის 2 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე შეაჩერა. ამავდროულად, ტელეკომპანიამ და მისმა მაშინდელმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა და შპს საქართველომ, სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართეს და მოითხოვეს იმის აღიარება, რომ  „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე ქონებრივ დავაზე საქართველოს შიდაეროვნულმა სასამართლო ინსტანციებმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვიეს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა. მანვე გააუქმა ორი წლის წინ მიღებული დროებითი გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერებული იყო ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანიის მიკუთვნების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.

დღესვე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელებმა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების და მის ადგილზე პაატა სალიას დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილების დარეგისტრირების თხოვნით მიმართეს.

ქიბარ ხალვაშმა დღეს არხის საგანგებო განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ არ აპირებს შეეხოს „არხის სარედაქციო პოლიტიკას“. „გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული“, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ  „ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს“. „ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და არხის მესაკუთრეების ცვლილებასთან დაკავშირებით მანამდე განცხადება არხის მოქმედმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც გააკეთა. მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად მოულოდნელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)