გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 23 ივლისი, N161.
(საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მუდმივად ხელს უწყობდა მთიელთა რესპუბლიკის გაძლიერებას და მათ ბრძოლას დენიკინისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა)
მთიულ დაღესტანში ალი გაჯი აკუშინსკის თაოსნობით მოეწყო მთიულთა თავდაცვის კომიტეტი, რომელიც იცავს მცხოვრებლებს ანარქიისგან. ამ კომიტეტის მთავარი მიზანია დაიცვას დაღესტანი და ჩრდილო კავკასია ყაზახების თავდასხმისაგან და მოხალისეების მიერ განადგურებისაგან. მცხოვრებლები, მოხალისეების მიერ დაშინებული ამ ახალი ძალის მხარეზე გადავიდნენ და მთელ თავის ძალებს აძლევს ალი გაჯის განკარგულებაში. მოხალისეების არმიის შტაბმა წინადადება მისცა ალი გაჯის დაეშალა ეს ახლად შექმნილი ჯარი და პარალელურად დაეცა სოფლებს: ქვემო კუგუნტაის, დიდ და პატარა ბუინაკს, რომელნიც ყაზახებმა აიკლეს.
მაშინ თავდაცვის კომიტეტი აღელვებული მცხოვრებლების მიერ წაქეზებული იძულებული იყვნენ თავს დასხმოდა გენერალ ხალილოვის და დენიკინის რაზმს. ბრძოლა მოხდა კუგუნტაის მიდამოებში. ყაზახებმა, რომელთაც სოფელი კუგუნტაი ეჭირათ უკან დაიხიეს, თემირ-ხან-შურისკენ (მთიელთა რესპუბლიკის დედაქალაქი, დღეს დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქი ბუინაკსკი, რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა). სოფელ კუგუნტაი დაიჭირეს თავდაცვის კომიტეტის ჯარებმა. ყაზახების მხრივ მარტო ოფიცერი მოკლულია შვიდი.
დენიკინ-ხალილოვის ჯარი ორი მხრიდან დაეცა დაღესტანს, კუგუნტაის, თემირ-ხან-შურიდან და დებლატარის მხრით დებლაგარიდან. ბრძოლა მოხდა შეკეგენის და დურაგანსკის ხევში.
ეს ბრძოლა მოხალისეების სრული დამარცხებით გათავდა. მთელი ნაწილები წინად მთიულეთის ეხლა ხალილოვის ჯარისა გადავიდა აჯანყებულების მხარეზე. თემირ-ხან-შურას ეხლა ინდოლების ჯარი იცავს. ამ თავდასხმის შემდეგ მოხალისეები თავს დაეცნენ ჰაეროპლანებით სოფელ კადარს, მაგრამ ეს თავდასხმა გათავდა უშედეგო ყუმბარების სროლით.
16 ივლისის ცნობით ალი გაჯ აკუშინსკი თავს დაეცა ზემო კუგუნტაის, იქ მყოფი პოლკოვნიკი ჯაფაროვი 23 ჯარის კაცის თანხლებით გაიქცა თემირ-ხან შურაში. ეხლა ალი გაჯი თავის რაზმით კუგუნტაიში იმყოფება. იქ მას წინააღმდეგობა არავინ გაუწია და გაემართა სოფელ ქვემო აზნაპიშუსკენ. უკანასკნელი ცნობით ალი გაჯი იმყოფება 9-10 ვერსის მანძილზე თემირ-ხან-შურიდან, რომელსაც ალყა აქვს შემორტყმული. მოხალისეთა ჯარების რიცხვი, რომელიც ქალაქ პეტროვსკში (დღევანდელი დაღესტნის დედაქალაქი მაჰაჩყალა – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) იმყოფებიან არ აღემატება ათას ყაზახს.