ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 18 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 94-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.
დღის წესრიგის საკითხებს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე „დაბრკოლებებისა და ბარიერების“ აღმართვა, ე.წ. „ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, ასევე არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხი იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და მისი პირადი ნივთების გადმოცემა, ასევე დავით ბაშარულის გარდაცვალების გამოძიება, კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
იგორ ქოჩიევმა, რომელიც შეხვედრაზე ცხინვალის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს წარმოადგენდა, „სახელმწიფო საზღვრის“ მარკირების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა. „სამხრეთ ოსეთი განაგრძობს სახელმწიფო საზღვრის აღჭურვას საკუთარ ტერიტორიაზე“, – იტყობინება ადგილობრივი მედია ქოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ერიკ ჰოგმა „აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზოგადი ვითარება შედარებით მშვიდი რჩება, თუმცა ხაზი გაუსვა დაკავებებს, აფეთქებებსა და „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებულ შემთხვევებს“.
„ამასთან, ჰოგმა ხაზი გაუსვა კარგ თანამშრომლობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის გამოყენების კუთხით, კიდევ ერთხელ, ყველა მონაწილისათვის აღნიშნა სენსიტიური საკითხების შემთხვევაში ამ საშუალების გამოყენების მნიშვნელობა და ამგვარად გამჭვირვალობის გაზრდა“, – ნათქვამია პრესრელიზში.
თანათავმჯდომარეებმა „ყველა მონაწილეს მოუწოდეს განაგრძონ ცხელი ხაზის გამოყენება და გაზარდონ ინფორმაციის დროული გაცვლა უსაფრთხოების ძალების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს“.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 29 აგვისტოს გაიმართება.
ასევე ნახეთ:
04/07/2019 – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 48-ე რაუნდი;
23/03/2019 – ერგნეთში IPRM-ის 92-ე შეხვედრა გაიმართა;
09/02/2019 – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: ერგნეთში IPRM-ის 91-ე შეხვედრა „პროფესიონალურ გარემოში“ გაიმართა;
07/02/2019 – ერგნეთის IPRM-ის შეხვედრის წინ თბილისი „ბორდერიზაციის“ პროცესს გმობს;
18/12/2018 – ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრები განახლდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)