თავიდან ყველაფერი ანტიოკუპაციური განწყობით დაიწყო. ამას დაემატა 20 ივნისის სისხლიანი ღამე და გაჩნდა ახალი პროტესტიც გახარიას გადადგომის მოთხოვნით.
ერთი თვეა მიდის იმის მტკიცება, რომ ადამიანები ვარსებობთ და დაგვინახეთ. ხან რა დაგვაბრალეს, ხან რომელ პარტიას მიგვაწერეს. მარტო იმიტომ ვიდგები აქ, რომ დავამტკიცო: ადამიანს აქვს ხმის ამოღების უფლება და შანტაჟი უკვე აღარ გაჭრის. საკუთარი დანაშაულის გადაფარვა წარსულით – წარმოუდგენელია. ყველამ თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი. პრეცედენტი უნდა შევქმნათ, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გვქონდეს და სახელმწიფომ თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
ამიტომ ვდგავართ ჯიუტად, ვისაც გვჯერა ამ ყველაფრის, და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ვიქნებით აქ. ჩვენ გვჯერა, რომ რაოდენობა არ სჭირდება ხარისხს და ნამდვილ ემოციას. შეიძლება ორასი კაცი ვიდგეთ, მაგრამ – ნამდვილი, და ამ სინამდვილეს და თავმოყვარეობას თუ ისწავლიან ჩვენგან, არ იქნება ცუდი.
აქ დგას ახალი თაობა. ეს ახალგაზრდები უკვე გაიზარდნენ და 2020 წელს მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ხელისუფლებას მათი იგნორირება აღარ გამოუვა.