უნივერსიტეტში ვიყავი ლექციაზე, როდესაც ჩამოვსქროლე Facebook-ი და შემხვდა ეს ამბავი, რომ პარლამენტში იჯდა ვიღაც გავრილოვი და რუსულად მიმართავდა შეკრებილ საზოგადოებას. შემდეგ საინფორმაციო წყაროებს რომ გავეცანი, გავიგე, რომ იყო მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისო ფორუმი და გავიგე, რაც ხდებოდა. აღმაშფოთებელი რამ იყო. არ მინდოდა, რომ ასეთი რამ მეორედ დამენახა.
ჩემს კურსელებთან ერთად, იმავე საღამოს წამოვედი აქციაზე, რომ ეს ამბავი გამეპროტესტებინა და ამ ამბავში მთავარი დამნაშავე იყო ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც ან რამე გააკეთა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, ან პირიქით, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ფაქტი თავიდან აეშორებინა.
პირველი ღამის ამბავი ორმხრივი რამ იყო, თან თითქოს ცუდი რამ მოხდა, თან კარგი. ცუდი ის იყო, რომ პოლიტიკურმა ძალამ სცადა, რომ თავისი ვისწროპარტიული ინტერესისთვის გამოეყენებინა ეს გულწრფელი პროტესტი. იყო აშკარა პროვოკაცია, რაც სცადეს, და ამას თავიდანვე ვემიჯნებოდი, მაგრამ ამაზე გაცილებით უფრო ცუდია ის, რაც ამის შემდეგ მოხდა.
თითქოს ბოლო ექვს წელიწადში დავიწყებულმა, თითქოს უფრო შერბილებულმა პოლიციურმა სახელმწიფომ შეგვახსენა თავი, რომ არსად წასულა და ისე შეგვახსენა თავი, რომ ყველამ ყველაფერი ნათლად დაინახა. ყველამ დაინახა დაბრმავებული ჩემხელა ადამიანები, თავგატეხილი ადამიანები, რომლებიც იდგნენ და აპროტესტებდნენ ყველაზე სამართლიან და ყველაზე ბუნებრივ რამეს. ეს კიდევ უფრო აღმაშფოთებელი ფაქტი იყო, ვიდრე გავრილოვის პარლამენტში ჯდომა. შენივე სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი ასეთი ძალადობა უფრო მეტად მძიმედ აღსაქმელი და გასააზრებელი იყო ჩემთვის, რომ შეიძლება, თავისი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად, სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეები გაიმეტოს.
ეს აქცია თავის თავში ბევრ რამეს აერთიანებს. კი, გვაქვს გამოკვეთილი თემები, მაგრამ ეს თემები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. სამი კონკრეტული მოთხოვნა, რაც გვქონდა, იმას, რა თქმა უნდა, ვეთანხმებოდი. ორი მოთხოვნა შეგვისრულეს და მესამე დარჩა გახარიას გადადგომა. მე პირადად მგონია, რომ უფრო მეტად სიმბოლური აქტი იქნება ამ მოთხოვნის შესრულება, ვიდრე არსებითი. ამ პოლიტიკურ კრიზისში და იმ სიტუაციაში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, არსებითს ვერაფერს შეცვლის. გახარია ვინაა? – ჩვეულებრივი თოჯინა, რომელსაც ათამაშებენ.
თუ ვინმეს სჯერა კიდევ ამ ქვეყანაში, რომ ჩვენი პოლიტოკოსები დამოუკიდებლები არიან, თავისი სინდისის ხმის ან რწმენის მიხედვით მოქმედებენ, მართლა გულუბრყვილო უნდა იყოს. გახარიას გადადგომა არსებითს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ უბრალოდ ფაქტი, რომ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად გადადგა შს მინისტრი, გამოავლენს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხმას აქვს თავისი წონა. ეს წონა გამოიხატება იმაში, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის დაგმობს სახელმწიფოს მხრიდან თავის მოქალაქეებზე მსგავს ძალადობას და, სხვა ყველა შემთხვევაში, ხელისუფლება იმაზე მაინც დაფიქრდება, რომ გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი.