ბოლო 7-8 წელია, რაც სახლიდან გამოვდივარ, რაღაცაზე მაინც მაწერია, რომ რუსეთი ოკუპანტია, სადაც მივდივარ, ყველგან ვყვირი, რომ რუსეთი ოკუპანტია. მაგრამ იმდენად მძიმე ამბავი მოხდა, რომ გავრილოვის იმ სკამში ჯდომა აღმოჩნდა ბოლო ნიშნული, რომლის იქითაც უბრალოდ ვეღარ გაჩერდებოდნენ სახლში. ამ ყველაფერს იმავე ღამეს დაემატა აქციის დარბევა საშინელი მეთოდებით, რამაც ისეთი მძიმე კომბინაცია შექმნა, რომ აგერ ხედავთ, ერთ თვეზე მეტია, პროტესტი უწყვეტად გაგრძელდა. ბუნებრივია, მთავარი იყო ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ შეიძლება, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელიც იბრძოდა და ხმა აქვს მიცემული ჩვენ წინააღმდეგ, იჯდეს სპიკერის სკამში და შემდეგ კიდევ ის, რომ ერთადერთი, რითაც განსხვავდებოდა ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან და სულ ამას ამბობდნენ, რომ არ ვისვრით, არ ვკლავთ და არ ვასახიჩრებთ და რომ გვეგონა სისტემური ძალადობა ჩაბარდა წარსულს, გააცოცხლეს და გვითხრეს, რომ ვძალადობთ და არ ვაპირებთ, რომ დავთმოთ.
რა წამსაც გახარია წავა სახლში, იმ წამს დავიშლებით. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტიის აქტივი ან რომელიმე ორგანიზაციის სტაფი, რომ სხვა მიზნები გვქონდეს. არა! სამი მოთხოვნიდან, ორი შეასრულეს, მესამეს შეასრულებენ თუ არა, წავალთ სახლში და მივცემთ ქვეყანას საშუალებას, რომ პროპორციული სისტემისთვის მომზადება მშვიდ გარემოში მოხდეს, მაგრამ გახარია არის აბსოლუტურად პრინციპული მოთხოვნა, რომელსაც ვერ დავთმობთ.
პროტესტი გრძელდება, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველგან შევუქმნათ დისკომფორტი, ყველგან გვყავდეს წნეხში, იმიტომ, რომ რაც უფრო წნეხში ვაქცევთ, ფაქტია, რომ მათ კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი არ აქვთ, კრიზისში ვერ მუშაობენ, უფრო მეტ შეცდომას უშვებენ და უფრო მეტად სუსტდებიან. ფაქტია, გახარია, რომელიც აქამდე ათრევდა, ლოკომოტივი იყო, ასე თუ ისე და არჩევნებზე გახარიას იმედი ჰქონდათ, ახლა პირიქით არის სათრევი და პოლიტიკური მძორი.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს გახარიას შენარჩუნების პროცესი ხელისუფლების მხრიდან, არ ვაპირებთ გაჩერებას. ერთადერთი, შესაძლოა, შევცვალოთ პროტესტის ფორმები. მე რომც მოვინდომო და ვთქვა, რომ აღარ მოხვიდეთ, ხალხო, არავინ დამიჯერებს, იმიტომ, რომ აქ ჩემ გამო არავინ მოდის. ეს ხალხი არის ძალიან გაბრაზებული და ბრაზი ხომ არ გადასდის ადამიანს თავისით, რაღაცები უნდა შეიცვალოს. ადამიანებს დათხარეს თვალები, დამიზნებით ესროდნენ და ნადირობდნენ, არათუ დარბევის ადგილას, არამედ 4-5 კილომეტრის იქით, რამდენიმე საათის განმავლობაში, სადარბაზოებში ნადირობდნენ ადამიანებზე.
საზოგადოებას ამ ყველაფერთან შეგუება არ გვინდა და ამ საზოგადოების მართვა ახლა არის ძალიან ძნელი. აბსოლუტურად გულწრფელი პროტესტი აქვთ, ჯანსაღი ბრაზი აქვთ და მოთხოვნაც აქვთ აბსოლუტურად ლეგიტიმური. ასე რომ ძალიან რთულია, მართო, ან რაღაც კუთხით წაიყვანო. ამ გულწრფელ ადამიანებს უნდა მოექცე ძალიან გულითადად და სუფთად, ამ ხალხის გაბრაზება არაფრით არ შეიძლება, ზუსტად ისე იბრძვიან, როგორც მე ვიბრძვი.
ვაპირებთ ბრძოლას. დროთა განმავლობაში, როდესაც კიდევ უფრო დავიღლებით, მაგრამ კიდევ უფრო დასუსტდება ოცნება, შეიძლება რამეები შევცვალოთ. არის იდეა, რომ შეიძლება რაიონებში გავიდეთ და სასექტემბროდ უფრო მეტი ადამიანის მობილიზება მოვახდინოთ. ფაქტია, რომ თავებს ითვლიან, ბევრი თავის ეშინიათ. საზოგადოება, რომელიც თვალსა და ხელს შუა ძალიან გაიზარდა, ისწავლა, რომ ჯანსაღი პროტესტის დასაფიქსირებლად საერთოდ არ არის აუცილებელი, სისხლიანი გქონდეს თვალები და ხელში კეტი ან კომბალი გეჭიროს, პირიქით, სიმშვიდით, მუსიკით, ხელაწეული ებრძოლო პროვოკაციებსაც კი. ეს საზოგადოება არის მზად იმისთვის, რომ თუნდაც ძალიან გრძელვადიან პროტესტში ჩაებას და არ დაიღალოს, მანამ სანამ, ერთხელ და სამუდამოდ სისტემური ძალადობა არ გაქრება ქვეყანაში.
გახარია რომ თანამდებობას დატოვებს, ამაში ვართ აბსოლუტურად დარწმუნებულები, იმიტომ, რომ აქეთ მიდის ყველაფერი. ზუსტად იციან, რომ ასე უნდა მოხდეს. უბრალოდ ცდილობენ, რომ ჩვენ გაგვტეხონ ფსიქოლოგიურად. მუდმივად გველოდებიან, რომ დავიშლებით. აამუშავეს ტროლებიც, ფაქტია, რომ არ მუშაობდა, შემდეგ მშობლებზე გადაერთვნენ, ემუქრებოდნენ. მათაც დასცინეს და შეეშვნენ. შემდეგ კონტრაქცია მოაწყვეს, მარამ არ იმუშავა, იმიტომ, რომ არ გავა.