მთავარი მიზეზი არის – არა ოკუპაციას და არა რუსულ გავლენას ხელისუფლებაზე, არა რუსულ კურსს! ჩვენი დაშინება მიდის, გავრილოვის ღამე უბრალოდ ბოლო წვეთი იყო. იგივე გაბუნიას გინებამაც აშკარად დაგვანახა და აშკარად გაირკვა, ვინ ვის მხარეზეა და ვინ ვის დაკვეთებს ასრულებს. საქართველოს მომავალმა ამას ყველაფერს უარი გამოუცხადა და მეც საქართველოს მომავალთან მინდა, რომ ვიყო ასოცირებული და არა – წარსულთან. მინდა, რომ მომავალმა გაიმარჯვოს. გახარია, ივანიშვილი და ეს პარლამენტი ის ხალხია, რომლებიც გვიშლიან ხელს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაბრუნონ სიბნელეში.
გახარიაზე უარის თქმა ახლა მათთვის არის საკუთარ თავზე უარის თქმა იმიტომ, რომ გახარიამ ჩვენ რომ დაგვსაჯა, დაიცვა ეგენი და რუსული კურსი დაიცვა. გახარია ვისი დასმულიც არის და ვის დაკვეთებსაც ასრულებს, გამოჩნდა და ყველამ ვნახეთ. კი იქცევიან ისე, თითქოს არაფერი ხდება, ვითომ ჩვენ გვებრძვიან და ვიღაცებს აკავებენ და გვაშინებენ, მაგრამ არავის უკვე მაგათი აღარ ეშინია იმიტომ, რომ ეგენი არიან ცუდი, ბნელი, განუვითარებელი წარსული და ჩვენ მაგათი აღარ გვეშინია.
მათი დრო გავიდა, როგორც პროდუქტს გასდის ვადა. საქართველოს საზოგადოებას უკვე ისინი აღარ შეესაბამებიან და აღარ აღიქმებიან საქართველოს მთავრობად. ახალგაზრდები აღარ არიან დარწმუნებულები, აქ რომ მართლა რამე მოხდეს, ეს კოლაბორაციონისტები რომელ მხარეს იდგებიან. ჩვენ ეს უკვე დავინახეთ. ამიტომ, სამშობლოს ღალატს არავინ უკვე აღარ აპატიებს, ეს ნათლად დავინახეთ. რამდენი ტყვიაც არ უნდა გვესროლონ და როგორც არ უნდა დაგვიბრმავონ თვალები, ჩვენ ეს დავინახეთ.
სიკვდილამდე [ვაპირებ დგომას], აღარ ვაპირებ უკან დახევას, იმიტომ, რომ მომბეზრდა უკვე. 40 წელია ამ მოედანზე ვდგავარ და ვიცავ საცოდავ საქართველოს ცუდი ქართველებისგან – რუსული პოლიტიკის გამტარებლებისგან, ბერბიჭაშვილებისგან, ორჯონიკიძეებისგან და სტალინებისგან. აქ შეიძლება 300 ვდგავართ, მაგრამ 300 000 ვართ, 3 მილიონი ვართ და არავის ამაში ეჭვი არ შეეპაროს.