Site icon Civil.ge

ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურამ მეარაყიშვილის საქმის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა

ფოტო: თამარ მეარაყიშვილის Facebook-დან

ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურამ ახალგორში მცხოვრები ქართველი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეზე ახალგორის (ლენინგორის) რაიონული სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ 10 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას ყველა ბრალი მოეხსნა, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.

დაახლოებით ერთი საათის წინ გამოქვეყნებულ სტატუსში მეარაყიშვილი წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება მის მძევლად ყოლას განაგრძობს. „არ ვიცი, ეს რაში სჭირდებათ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროკურატურისა და პარტია „ერთიანი ოსეთის“ წარმომადგენლები გამუდმებით თავს არიდებდნენ სასამართლო პროცესებზე გამოჩენას და თავად საქმე სპეკულაციებს ეფუძნება“, – ამბობს ის.

მეარაყიშვილი ფიქრობს, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივიზმისთვის სხვების საჩვენებლად მისი დასჯა გადაწყვიტა. თუმცა, მისივე თქმით, მძიმე ფინანსური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ის დანებებას არ აპირებს.

„თუკი მე „ეხო კავკაზასთან“ თანამშრომლობას შევწყვეტდი, ყველა ჩემი პრობლემა მოგვარდებოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი უარს ვიტყოდი ნების თავისუფლებაზე. ეს ჩემი ერთადერთი უფლებაა, რომლითაც ვსარგებლობ და მასზე უარის თქმას არ ვაპირებ. მივმართავ ანატოლი ბიბილოვს, სპიკერს [ცხინვალის ე.წ. პარლამენტის], დეპუტატებს, რწმუნებულს ადამიანის უფლებების საკითხებში, რომ ჩემი საქმით დაინტერესდნენ“, – წერს ის.

ახალგორის რაიონული სასამართლოს 10 ივლისის გადაწყვეტილებით, თამარ მეარაყიშვილს მის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოეხსნა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურა მას ცხინვალის მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ წინააღმდეგ ცილისწამებასა და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება-გაყალბებას ედავებოდა.

სასამართლომ მეარაყიშვილს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებიც მოუხსნა. მას ოფიციალური დოკუმენტები ჩამორთმეული აქვს და ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)