Site icon Civil.ge

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულების 22% ამბობს, რომ არ იცის ან უარს ამბობს პასუხი გასცეს კითხვას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდა მხარს. რესპონდენტების 66% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

მათი 26%, ვინც კითხვაზე პასუხი გასცა, ამბობს, რომ მხარს მმართველ პარტიაც – ქართულ ოცნებას დაუჭერდა, 22% ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას, 7% კი – ევროპულ საქართველოს.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ 2018 წელთან შედარებით, ევროკავშირისა და ნატოს მიმართ საზოგადოებრივი მხარდამჭერა მკვეთრ შემცირდა. კერძოდ, ევროკავშირის მაჩვენებელი 85%-დან 75%-მცე შემცირდა, ნატოსი კი 76%-დან 68%-მდეა შემცირებული. კვლევის მიხედვით, გამოკითხულების 79% ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს.

კვლევის სრული ტექსტი

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 18 ივლისს გამოქვეყნდა, 20 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩაატარა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

პოლიტიკური რეიტინგები

კვლევის მიხედვით, არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, მმართველ პარტიას – ქართულ ოცნებას გამოკითხულების 26%-იანი მხარდაჭერა ექნებოდა (2018 წელი – 27%), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 22% (2018 წელი – 17%), ევროპულ საქართველოს 7%-იანი (2018 წელი – იგივე მაჩვენებელი), პატრიოტთა ალიანსს – 5%-იანი (2018 წელი – 4%), ლეიბორისტულ პარტიას 5%-იანი (2018 წელი – იგივე მაჩვენებელი), დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს 2%-იანი (2018 წელი – 3%). რესპონდენტების 6% ამბობს, რომ მხარს არცერთ პარტიას დაუჭერდა, 22%-მა კი – არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩევნებში მათთვის სასურველი პარტია არ იქნება წარმოდგენილი, გამოკითხულების 7% ამბობს, რომ ხმას საერთოდ არავის მისცემდა, 55%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.

კვლევა მისაღები/მიუღებელი პოლიტიკური ლიდერების რეიტინგსაც ადგენს 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე გამოკითხულების ყველაზე დიდი სიმპატიით სარგებლობს, ის მისაღებია გამოკითხულთა 59%-სთვის, ხოლო მიუღებელია 34%-სთვის. მას დედაქალაქის მერი კახა კალაძე (მისაღებია – 49%, მიუღებელია- 43%) და ნაციონალური მოძრაობის წევრი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე (მისაღებია – 48%, მიუღებელია – 43%) მოსდევს. შემდეგ მოდის შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი და ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი შალვა ნათელაშვილი.

ინსტიტუტებისადმი ნდობა

კვლევის მიხედვით, ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი ნდობით – 89%-ით, მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს (2018 წელი – 84%), 87%-ით მას ჯარი მოსდევს (2018 წელი – 83%), 70%-ით ქართული მედია (2018 წელი – 68%), 52%-ით პოლიცია (2018 წელი – 50%), 48%-ით ადგილობრივი თვითმმართველობა (2018 წელი – 43%), 40%-ით განათლების სისტემა (2018 წელი – 49%), 37%-ით პარლამენტი (2018 წელი – 34%) და 35%-ით მინისტრთა კაბინეტი (2018 წელი – 34%).

უმუშევრობა – გამოკითხულების მთავარი წუხილი

გამოკითხულების 66% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (2018 წელი – 67%), 23% კი – საპირისპიროდ ფიქრობს (2018 წელი – 22%). 11%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

წინა კვლევის მსგავსად, უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, შემდეგ მოდის მაღალი ფასები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და განათლება.

ევროკავშირი, ნატო და რუსეთთან ურთიერთობები

კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მომხრეთა მიმართულებით. რესპონდენტების 75% ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა (2018 წელი – 85%), 2018 წელთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით – 68%-მდე შემცირდა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელიც.

რესპონდენტების 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პროდასავლური უნდა იყოს (2018 წელი – 27%), 47% ფიქრობს, რომ ქვეყანამ პროდასავლური კურსის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობაც უნდა შეინარჩუნოს (2018 წელი – 50%). გამოკითხულების 8%-ს სურს, რომ ქვეყნის კურსი პრორუსული უნდა იყოს, მაგრამ დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობაც უნდა გაგრძელდეს (2018 წელი – 11%). გასული წლის მსგავსად, წელსაც რესპონდენტების 2%-ს სურს, რომ ქვეყანას მხოლოდ პრორუსული კურსი ჰქონდეს.

რესპონდენტების 33% ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას დადებითად (2018 წელი – 34%), უარყოფითად კი – 2018 წლის მსგავსად კვლავ 52%. გამოკითხულების 79% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს (2018 წელი – 85%).

მედიისადმი ნდობა

კვლევა აჩვენებს, რომ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება, გამოკითხულების 85% მიმდინარე ამბებს სწორედ ამ გზით ეცნობა (2018 წელი – 90%), 20%-ით მას ინტერნეტი და სოციალური მედია მოსდევს (2018 წელი – 22% და 11%).

რესპონდენტების 4% ამბობს, რომ საერთაშორისო სიახლეებს რუსული ტელეარხების მეშვეობით ეცნობა (2018 წელი – 2%).

გამოკითხულების 37% ნდობას ტელეკომპანია „იმედს“ უცხადებს (2018 წელი – 31%), „რუსთავი 2“-ს 34% (2018 წელი – 38%), „ტელეკომპანია პირველს“ 4% (2018 წელი – 2%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)