Site icon Civil.ge

ევროპის ეკონომიკური სივრცე: საქართველოს ახალი მიზანი?

Batumi conference

ნატალია საბანაძე, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბათუმის კონფერენციაზე. ფოტო: გეორგი გოტევ/EurActiv

სანამ ევროკავშირი „გაფართოებისაგან გადაღლილობის“ სინდრომით იტანჯება, საქართველოსთვის ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრობა შეიძლება მასში შესვლისაკენ გადადგმულ შუალედურ ნაბიჯად იქცეს, წერს ფრეიზერ კამერონი (Fraser Cameron), ევროკავშირ-აზიის ცენტრის დირექტორი, რომელიც სულ ახლახანს ბათუმის მე-16-ე საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა.

გასულ კვირას, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას დონალდ ტუსკმა (Donald Tusk) ნათლად განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის საქართველო საუკეთესო შეგირდია. ტუსკმა ვლადიმირ პუტინის განცხადება ამოიღო მიზანში და თქვა, სსრკ-ს დანგრევა მეოცე საუკუნის უდიდესი ტრაგედია სულაც არ ყოფილაო. ამ მოვლენამ საქართველოს – ტუსკის თქმით, “პატარა ქვეყანას, მაგრამ დიდ ერს”- თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა.

ტუსკი პირველი ევროპელი ლიდერია არაა, ვინც გასული 18 თვის განმავლობაში საქართველოს ეწვია ამ საუკეთესო მოწაფის ახლოდან გასაცნობად – თბილისში ჟან-კლოდ იუნკერი, ანგელა მერკელი და თვით ურსულა ფონ დერ ლაიენიც კი ნამყოფები არიან. მას შემდეგ, რაც ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის საჭესთან დადგება, საქართველოს კვლავაც ეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირის პოლიტიკურ მწვერვალზე.

სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მოფრანგულე პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, ქვეყანა რაც შეიძლება მეტ პროგრამაში ჩართონ მანამ, სანამ ის პრაქტიკულად, ამ ჩართულობის დონით, ევროკავშირის წევრად არ იქცევა.

საქართველოს საგარეო მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თვალი გადაავლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ამოცანებს 2020 წლის შემდგომი პერიოდისათვის. საქართველოსათვის “საკვანძო პრინციპებია დიფერენციაცია და ჩართულობაო”, თქვა მინისტრმა.

ევროკავშირის წევრობისაკენ სვლის ერთ-ერთი შუალედური გაჩერება საქართველოსათვის შეიძლება ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრობა იყოს. ამ თემას ბათუმში რამდენიმე გამომსვლელი მოუბრუნდა და დამსწრე საგარეო მინისტრებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის მოხელეთა გასაგონად გააჟღერა.

შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთხმად მიესალმნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიღწევებს და აღნიშნეს, რომ საქართველოს არათუ ევროკავშირის წევრობის უფლება აქვს, ამ საქმეში მისი მხარდაჭერა ევროკავშირის მორალური ვალდებულებაც კი არისო.

ამასობაში, საქართველო ევროკავშირთან ასოცირებისა და ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეკრულებებს თანმიმდევრულად ახორციელებს. ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% ევროკავშირთან ურთიერთობებს დადებითად აფასებს, ხოლო 71%-ს ევროკავშირისა სჯერა. შესაძლოა გასაკვირია, მაგრამ გამოკითხულთა 74%-მა იცის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ და 62%-ი ფიქრობს, რომ ეს ფული ჭკვიანურად იხარჯება.

საქართველო ევროპელი ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად იქცა, ისტორიული ძეგლების, მთაგორიანი და საზღვაო კურორტებისა და თანამედროვე ღამის ცხოვრების წყალობით.

ქვეყანა ბიზნესის დაწყების სიიოლის მიხედვით თითქმის ყველა ინდექსის სათავეშია. დიდი ინვესტიციები არც თუ ისე ბევრია, თუმცა ტექნოლოგიური სიახლეების მიმართულებით რამდენიმე საინტერესო პროექტში დაბანდდა ფული. საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი და გასულ წელს ამ ქვეყანასთან ვაჭრობის მოცულობა 10%-ით გაიზარდა.

მდგრადი წინსვლისდა მიუხედავად, საქართველო გეოგრაფიასა და ისტორიას ვერსად გაექცევა. რუსეთის მრუმე ჩრდილი კვლავაც ფარავს ქვეყნისაგან მოგლეჯილ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელთა მხარდაჭერასაც მოსკოვი მუდმივად განაგრძობს. ამასწინათ, თავისი ჭკუით შეურაცხყოფილმა პუტინმა საქართველოსთან ავიაკავშირი გაწყვიტა და ღვინის იმპორტზე შეზღუდვა დააწესა. ამას სერიოზული გავლენა ექნება, რადგან საქართველოს ერთობლივი შიდა პროდუქტის 7% ტურიზმზე მოდის, რუსეთის ამოვარდნამ კი შეიძლება ეს სექტორი წელიწადში 700 მილიონი აშშ დოლარით აზარალოს.

მომავალ წელს არჩევნებია დაგეგმილი და მმართველი “ქართული ოცნება” ნერვიულობს. პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც მართვა დონდლოდ დაიწყო, თითქოს უფრო მყარად დგას ფეხზე. იგივე ეხება მინისტრებსაც. ეკონომიკა საკმაოდ კარგად მუშაობს და წლევანდელი ზრდა სადღაც 6%-ის ფარგლებშია ნავარაუდევი. თუმცა ტურიზმის შემცირებამ შეიძლება ის მოქალაქეები გაანაწყენოს, რომელნიც ცხოვრების დონის ევროპელი პარტნიორების დონემდე მიახლოებას ელოდებიან.

ოპოზიციაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში რომ იყოს, ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზრდებოდა. მათი კრიტიკის ამჟამინდელი სამიზნე მმართველი პარტია იმის გამო გახდა, რომ რუს დეპუტატს საქართველოს პარლამენტში რუსულად საუბრის უფლება მისცეს, მართლმადიდებელი ქრისტიანების კონფერენციაზე.

ჯამში, საქართველო სულ უფრო ემსგავსება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანას. ქუჩებში ანტი-სამთავრობო პროტესტებია, მასმედია მეტ-ნაკლებად თავისუფალია და პარტიები ერთმანეთს ჭამენ. საარჩევნო სისტემის ცვლილება 2020 წლისათვის ხელჩართულ ბრძოლას მოასწავებს. თუმცა საქართველომ უკვე ორჯერ გამოიცვალა დემოკრატიულად ხელისუფლება და შეუძლია მომავალს მეტი თავდაჯერებით დაელოდოს.

მთავარი კითხვა, რომელიც გამორჩეულ შეგირდს აწუხებს ისაა, თუ როგორ მოეპყრობა ევროკავშირი ისეთ მეზობლებს, რომლებთანაც საერთო ღირებულებები აკავშირებს და რომელთაც ევროპული ოჯახის წევრობა სურთ. ეგებ სწორედ ევროპის ეკონომიკური სივრცეა ის საფეხური, რომელზე ნაბიჯებითაც საქართველო გადაჭრით დაადგება ევროპულ დემოკრატიათა კლუბის სრული წევრობის გზას.