Site icon Civil.ge

არასამთავრობოები „რუსთავი 2“-ის მფლობელსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ

ფოტო: facebook.com/კოალიცია-მედიის-ადვოკატირებისთვის-892204610887473/

მედიის ადვოკატირებისათვის შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალ მფლობელს ქიბარ ხალვაშს „მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის“ უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, ასევე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომ „განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს“.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ „ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“. მათივე აზრით, „მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა“.

არასამთავრობოების განცხადებით, „კოალიციის წევრი ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებიან რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებს, განახორციელებენ სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგს და გამოთქვამენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები“.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

კოალიციის დღევანდელ მიმართვას წინ უძღოდა ქიბარ ხალვაშის მიერ 22 ივლისს გავრცელებული განცხადება, რომელშიც მან კრიტიკულად შეაფასა უკანასკნელ დღეებში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე გაკეთებული განცხადებები და არხის საქმიანობაში უცხოელი მედია-მენეჯერის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„რუსთავი 2“ის საქმეზე სტრასბრუგის სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკის გამო, ქიბარ ხალვაშმა არხის ჟურნალისტები „ანტიდასავლურ განწყობების“ გაღვივებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას,  დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას“.

მისივე თქმით, „სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი“, რომელიც არხს „მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში“ დაეხმარება.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ქიბარ ხალვაშის ეს განცხადება „არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად“ შეაფასეს. ამასთან, მათ, რამდენიმე დღის წინ, ქიბარ ხალვაშს, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, თუმცა არხის ახალი მფლობელისგან უარი მიიღეს.

ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელად 18 ივლისს დარეგისტრირდა და არხის ახლი დირექტორიც დანიშნა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც იმავე დღეს სტრასბურგის სასამართლომ მოხსნა შეზღუდვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის მარტში გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომლითაც ტელეკომპანია საკუთრებაში ქიბარ ხალვაშს უნდა გადაცემოდა.

ქიბარ ხალვაში ტელეარხის კუთვნილებასთან დაკავშირებით რამდენიმეწლიან დავას ძმებ ყარამანიშვილებთან აწარმოებდა. ამ უკანასკნელებმა, მიიჩნიეს რა, რომ საქართველოს სასამართლოები „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიკერძოებულად მოქმედებდნენ და „ოპოზიციური არხის გაჩუმებას“ ცდილობდნენ, სტრასბურგის სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის იჩივლეს.

18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ყარამანიშვილების საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სამართლიან სასამართლოზე ყარამანიშვილების უფლება არ დაურღვევია.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კვლავაც არის აზრთა სხვადასხვაობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)