Site icon Civil.ge

ქვეყნის ლიდერები უკრაინელებს წარმატებულად ჩატარებულ არჩევნებს ულოცავენ

უკრაინის უმაღლესი რადა. ფოტო: twitter.com/verkhovna_rada

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები 21 ივლისს უკრაინაში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან, რომლებშიც პრეზიდენტ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ გაიმარჯვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკრაინელ ხალხს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“ მიულოცა.

„დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული არჩევნები კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინულ დემოკრატიას, რეფორმებსა და პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ასევე განამტკიცებს კავშირებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის“, – დაწერა გუშინ მამუკა ბახტაძემ ტვიტერზე.

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც გამოაქვეყნა.

„თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები არის ფუნდამენტი უკრაინის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. „დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება“, – დასძინა მან.

უკრაინის უმაღლეს რადის ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. კონსტიტუციის თანახმად, 450 სადეპუტატო მანდატიდან ნახევარი იმ პარტიებს ერგებათ, რომლებიც პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ, ნახევარი კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში არჩეულ დეპუტატებს შორის განაწილდება.

24 ივლისის მონაცემებით, უკრაინის ცესკოს დამუშავებული ჰქონდა ოქმების 99.3%, რომელთა მიხედვითაც, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ხმების 43.16%-ით ლიდერობს. მას მოჰყვება პრორუსული ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისათვის“, რომელმაც ხმების 13.01% მიიღო. მესამე და მეოთხე ადგილებზე, პრაქტიკულად თანაბარი შედეგებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ (8.18%) და ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ (8.12%) გავიდნენ. მეხუთე ადგილზე კი პოპულარული როკმუსიკოსის სვიატოსლავ ვაკარჩუკის მიერ დაფუძნებული პარტია „ხმა“ გავიდა, რომელსაც ხმების 5.84% მიიღო.

რადას ვადამდელ არჩევნებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებელი „ახალ ძალთა მოძრაობაც“ მონაწილეობდა, რომელმაც ხმების 0.46% მიიღო.

პრეზიდენტ ზელენსკის პარტიამ საუკეთესო შედეგი საქართველოშიც აჩვენა. მას არჩევნებზე მისული უკრაინის მოქალქეების 35% მიემხრო.

მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული არჩევნების შედეგები ამ დრომდე მუშავდება, შესაბამისად, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, უმაღლეს რადაში საბოლოოდ ვის რამდენი მანდატი შეხვდება. ამასთან, არჩევნები უკრაინის 225 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ 199-ში ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნები არ გამართულა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს ჩატარებულ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პეტრო პოროშენკო დაამარცხა, რომელიც უკრაინას 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. 20 მაისს გამართულ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ზელენსკიმ უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ გამოაცხადა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)