Site icon Civil.ge

სამოქალაქო სექტორი „რუსთავი 2“-ის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

ფოტო: facebook.com/rustavi2

20 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „მედიის განვითარების ფონდი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ და სხვები, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რომ მიადევნონ თვალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და „განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანონ“ ეს საქმე.

მიმართვა, რომლის ადრესატებიც ევროსაბჭო, ეუთო, ევროკავშირი, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ამნესტი ინტერნეიშენალი“, „ჰიუმან რაითს ვოჩი“, „ფრიდომ ჰაუსი“ და ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, დღეს გავრცელდა.

ქართული არსამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ იმ საფრთხეებზე, რაც „რუსთავი 2“-ის მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილებამ შესაძლოა საქართველოში არსებულ მედიაგარემოს შეუქმნას.

„ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც პრაქტიკაში ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მიდგომებში გამოიხატება“, – აცხადებენ არასამთავრობოები და იქვე დასძენენ, რომ „მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს საქართველოში არსებული მედიაგარემო და შეზღუდოს მედიაპლურალიზმი“.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ არხის ახალმა მფლობელმა უარი თქვა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ინიციატივაზე, სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად საზოგადოებრივი საბჭო შექმნილიყო , სანაცვლოდ კი „ინსტიტუციური დაცვის რაიმე ალტერნატიული მექანიზმი“ არ  შეუთავაზებია.

განცხადების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ არხის ახალმა ხელმძღვანელებმა, ტელეკომპანიაში შექმნილი „მძიმე ფინანსური მდგომარეობის“ საბაბით, შესაძლოა „არასასურველ“ ჟურნალისტებთან შრობითი ხელშეკრულებები შეწყვიტონ და ამ გზით შეცვალონ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.

არასამთავრობოები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ „ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, არ მალავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას „რუსთავი 2“-ის მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით“.

არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით განცხადება „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმაც გაავრცელეს.

„მივმართავთ ყველა იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გარანტად გვევლინებიან, არ მოადუნონ ყურადღება და დაეხმარონ „რუსთავი 2-ს“ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში“, – ვკითხულობთ  ჟურნალისტების გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელად 18 ივლისს დარეგისტრირდა და არხის ახლი დირექტორიც დანიშნა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც იმავე დღეს სტრასბურგის სასამართლომ მოხსნა შეზღუდვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის მარტში გამოტანილი გადაწყვეტილებისაღსრულებაზე, რომლითაც ტელეკომპანია საკუთრებაში ქიბარ ხალვაშს უნდა გადაცემოდა.

ქიბარ ხალვაში ტელეარხის კუთვნილებასთან დაკავშირებით რამდენიმეწლიან დავას ძმებ ყარამანიშვილებთან აწარმოებდა. ამ უკანასკნელებმა, მიიჩნიეს რა, რომ საქართველოს სასამართლოები „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიკერძოებულად მოქმედებდნენ და „ოპოზიციური არხის გაჩუმებას“ ცდილობდნენ, სტრასბურგის სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის იჩივლეს.

18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ყარამანიშვილების საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სამართლიან სასამართლოზე ყარამანიშვილების უფლება არ დაურღვევია.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)