რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მოლოდინები გამართლდა – პირველ ადგილზე უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ გავიდა. თუმცა, მისი ასეთი დიდი უპირატესობით გამარჯვება მაინც მოულოდნელობად იქცა.
41 წლის ზელენსკის პარტიამ არამარტო პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობა გაიყვანა, არამედ მაჟორიტარულ ოლქებშიც ბევრი მანდატის მოპოვება შეძლო. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული ხმების 43% აიღო, მისი პარტია უკრაინის პარლამენტში 424-დან 250-მდე ადგილს დაიბევებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო პარტიას მთავრობის შექმნა სხვა პარტიებთან კოალიციური თანამშრომლობის გარეშეც შეეძლება, რაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეცვლის უკრაინის პოლიტიკურ ელიტას. საბჭოთა კავშირიდან უკრაინის გამოყოფის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთი კონკრეტული პარტია პარლამენტში გადამწყვეტი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
ახლადჩამოყალიბებული პარტიის, „ხალხის მსახურის“ არცერთი წევრი აქამდე უკრაინის რადაში არჩეული არ ყოფილა. პარტია ძირითადად ახალი პოლიტიკური სახეებითაა შევსებული და დაარსების დღიდან პირდებოდა ხალხს დიდ ცვლილებებს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ერთი მხრივ, მათი პოლიტიკური გამოცდილების არქონა პარტიის ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა უკრაინელმა ხალხმა სწორედ ამაში დაინახა პარტიის უპირატესობა – ახალმა სახეებმა „სუფთა ჰაერი“ უნდა შემოიტანონ უკრაინის პოლიტიკურ ყოფაში.
არჩევნების მიმდინარეობა და დეტალები
უკრაინის საპარლამენტო უკანასკნელ არჩევნებში ბარიერმა 3-დან 5 პროცენტამდე აიწია, რამაც პარტიებისათვის მისი გადალახვა გაართულა. არჩევნებში მონაწილე 22 პარტიიდან მხოლოდ ხუთმა მოახერხა პარლამენტში მოხვედრილიყო.
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 99%-ის დათვლის შედეგად:
- ხმების 43 პროცენტი ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ – „ხალხის მსახური“ – მიიღო.
- მეორე ადგილი რუსეთისადმი პოზიტიურად განწყობილმა “ოპოზიციურმა პლატფორმამ – სიცოცხლისათვის” დაიკავა 13.1%-ით.
- მესამე ადგილი იულია ტიმოშენკოს პარტიამ “ბატკივშინა” დაიბევა, 8.18%-ით, რომელთანაც „ხალხის მსახურის“ კოალიციაში შესვლის შესაძლებლობაზეც ბევრი საუბრობს.
- მეოთხე ადგილზე ადგილზე 8.12% – ით ექს-პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს პარტია, „ევროპული სოლიდარობა“ გავიდა, რომელიც აქამდე უკრაინის პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენდა.
- ხოლო მეხუთე ადგილზე უკრაინელი როკ-მომღერლის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია “ჰოლოს”-ია 5.84%-ით. ზელენსკის ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებამდე ამბობდა, რომ სწორედ მასთან სურს მმართველი კოალიციის შექმნა.
არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების (მათ შორის ეუთოს) წევრები აღნიშნავდნენ, რომ არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობდა.
არჩევნებში უკრაინელთა აქტივობა რეკორდულად დაბალი, 50% იყო.
უკრაინელი ხალხის მოლოდინი
დღეისათვის უკრაინის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არაა და იგი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად რჩება. ამას ემატება ღრმად გამჯდარი კორუფცია, რომლისგანაც ქვეყანამ თავის დაღწევა ვერა და ვერ მოახერხა. გრძელდება რუსეთთან და მის სატელიტებთან ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც 5 წლის წინ დაიწყო და რომელმაც დღემდე 13.000 ადამიანი შეიწირა.
რას ჰპირდება ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას და რამ განაპირობა მისი პარტიის დიდი უპირატესობით გამარჯვება ?
41 წლის ზელენსკიმ, რომელიც ერთ-ერთ უკრაინულ სერიალში პრეზიდენტის როლს თამაშობდა, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 73%-ით გამარჯვების შემდეგ პოსტზე პეტრო პოროშენკო შეცვალა და ქვეყანაში დიდი ცვლილებები დააანონსა – მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
გამოკითხვები ცალსახად აჩვენებდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტის ახალდაარსებული პარტია „ხალხის მსახური“ გაიმარჯვებდა. ახალი პოლიტიკისა და ცვლილებების სურვილი უკრაინელ ხალხში დიდია და მკვლევართა მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, ისინი ცვლილებების საწყისს სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკიში უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტში ხედავენ.
აღნიშნული არჩევნებით ზელენკიმ მიაღწია მთავარ მიზანს – დაებევებინა უმრავლესობა და ამით რადიკალური რეფორმების გატარების საშუალება მისცემოდა. მასვე სურს წამყვან პოზიციებზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ეკონომიკის პარტიულად დამოუკიდებელი, ტექნოკრატი ექსპერტი დანიშნოს. ზელენსკის პოლიტიკური კურსი კვლავაც პროევროპულად დარჩება.
საკვირველია საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის მიერ მიღებული დაბალი მაჩვენებელი. თავად პოროშენკო ამერიკისა და ევროპის აქტიური პარტნიორი იყო. მის დროს ქვეყანას გაცხადებული ჰქონდა პროევროპული კურსი და მისსავე დროს შეძლო უკრაინამ ევროკავშირთან დაახლოება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის კუთხით. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინელებს ძველი პოლიტიკური ელიტისა აღარ სჯერათ.
რუსულ-უკრაინული დიალოგი
არჩევნებმა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩინა გამარჯვებულ პარტიას. უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში საგრძნობლად არის გაზრდილი მეორე ადგილზე გასული პრორუსული პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა. აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის და ლუჰანსკის მხარეში, რომელიც რუს და პრორუს მებრძოლებს არ აქვთ დაკავებული, პარტიამ ხმების 40 პროცენტზე მეტი მიიღო. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე კი არჩევნები არ გამართულა, შესაბამისად, პარლამენტის 450-დან 26 მანდატი გაუნაწილებელი დარჩა.
ზელენსკის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. სავარაუდოდ სწორედ ამით არის განპირობებული ბოლო დღეებში მის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული რამდენიმე განცხადება, მათ შორის სამხედრო ტყვეთა გაცვლის შესახებ.
საერთაშორისო შეფასებები
არჩევნების შედეგებს მალევე მოჰყვა გამოხმაურება სხვადასხვა ქვეყნიდან. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელმა, ანეგრეტ კრამპ კარენბაუერმა (Annegret Kramp-Karrenbauer) არჩევნები დადებითად შეაფასა, ეს არჩევნები დემოკრატიის და თავისუფლების ძალიან კარგი მაგალითი იყოო. “ჩვენ გამარჯვებული პარტიისგან ველოდებით, რომ დაანონსებულ რეეფორმების გატარებას შეუდგება და უკრაინელ ხალხს იმედებს არ გაუცრუებსო,” დასძინა კარენბაუერმა.
გერმანული ბუნდესთაგის წევრმა, მანუელ სარაზინმა (Manuel Sarrazin) უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს “პატარა რევოლუცია” უწოდა, რომლის დროსაც ხალხმა დასაჯა კორუფციული მთავრობა და გზა გაუხსნა ახალ ლიდერს, ვლადიმირ ზელენსკის და მის გუნდს.
არჩევნების შემდეგ პირველმა რეაქციებმა მეზობელი რუსეთიდანაც არ დააყოვნა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა, ფეისბუქის საშუალებით გამოხატა თავისი აზრი და პოსტში დაწერა, პოლიტიკური ბავშვობა და მოზარდობა დასრულდა, ახლა უკვე დრო დგება რეალური პასუხისმგებლობის აღების და დროა ზელენსკიმ პოლიტიკური სიმწიფე გამოავლინოსო.
რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლეონიდ კალაშნიკოვი კი ზელენსკის გამარჯვებაში სასიხარულოს ვერაფერს ხედავს და იმედიანად უყურებს პრორუსული პარტიის მიერ მეორე ადგილის დაკავებას, რაც მისი თქმით რუსეთს საშუალებას აძლევს უკრაინასთან არსებული პოლიტიკური ურთიერთობები გააუმჯობესოს.