Site icon Civil.ge

შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა

ირაკლი ოქრუაშვილი, ფოტო: კადრი "ტელეკომპანია კავკასიის" ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს საღამოს, ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე“ დააკავა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ჭელიძის განცხადებით, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას“. მისივე თქმით, ოქრუაშვილი სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებშიც მონაწილეობდა.

შსს-მ დღესვე 20-21 ივნისს აქციაზე ოქრუაშვილის ქმედებების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

ამავე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას“.

მამუკა ჭელიძის განმარტებით, 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში ჯამში სულ 17 პირია მიცემული, მათ შორის, პარლამენტის წევრი – ნიკა მელია. მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვს შეზღუდული.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების პარალელურად, გამოძიება ამბოხის მცდელობის კვალიფიკაციითაც მიმდინარეობს, თუმცა ამ ბრალდებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და სატელევიზიო არხის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადაცემას მწვავედ აკრიტიკებდა.

ის ეჭვქვეშ აყენებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კუთვნილების თაობაზე ძმებ ყარამანიშვილებსა და ქიბარ ხალვაშს შორის მიმდინარე დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მისი მტკიცებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის რეალური მფლობელი არასდროს ყოფილა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს, რომელზეც ხალვაშის ხელმოწერაც ფიქსირდება.

ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის კუთვნილებაზე ახალი სასამართლო დავაც დაიწყო, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის ქონების დაყადაღების შესახებ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)