ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხი „ევრონიუსი“ მაუწყებლობას ქართულ ენაზე დაიწყებს. ამას ითვალისწინებს „ევრონიუსსა“ და ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომელსაც ხელი 25 ივლისს „ევრონიუსის“ აღმასრულებელი დირექტორმა მაიკლ პიტერსმა და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა თბილისში მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, ფრენჩაიზინგის პროექტის სახით, ახალი არხი – „ევრონიუს საქართველო“ შეიქმნება, რომელიც, ადგილობრივი მედიაკონტენტის პარალელურად, „ევრონიუსის“ ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტის ტრანსლირებას მოახდენს.
არხი მაუწყებლობას სილქ-TV-ის პლატფორმაზე დაიწყებს. „ევრონიუსისა“ და „სილქნეტის“ ერთობლივი პრესრელიზის თანახმად, „ „ევრონიუსი“ თავად დანიშნავს ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს, დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს“ და არხის „სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას“ უზრუნველყოფს.
„სილქნეტის“ ცნობით, „ევრონიუს საქართველო“ სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყებს მაუწყებლობას.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საქართველოში პროექტის დაწყებას წინ უძღოდა 2018 წლის ნოემბერში ალბანეთში „ევრონიუს ალბანეთის“ და გასულ კვირას დაანონსებული „ევრონიუს სერბეთის“ დაფუძნება. მედიაკორპორაციის განცხადებით, „აღნიშნული პროექტები, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მოლაპარაკებები, ემსახურება „ევრონიუსის“ სტრატეგიულ გეგმას, გახდეს მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური“ მედია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)