Site icon Civil.ge

აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის გახსნას აპირებენ

ხაჯიმბა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის სხდომას თავმჯდომარეობს, 26 ივლისი, 2019 წ. ფოტო: http://presidentofabkhazia.org

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ 26 ივლისს დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი“ საერთაშორისო ფრენებისათვის უნდა გაიხსნას.

სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან არის დაკეტილი და იქ რეგულარული ფრენები არ სრულდება. აეროპორტი საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული არ არის. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წელს მიღებული საქართველოს კანონის თანახმად, აფხაზეთში საერთაშორისო ფრენები აკრძალულია.

დოკუმენტის თანახმად, სოხუმის აეროპორტს და აფხაზეთის საჰაერო სივრცეს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს სტანდარტის მსგავსი, ოთხნიშნა ალფაბეტური კოდი URAS მიენიჭა, თუმცა ამ კოდის საბოლოოდ დასამტკიცებლად, აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ და „ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველომ“ რუსეთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ, რათა ის „რუსეთის ფედერაციის საჰაერო ნავიგაციის ინფორმაციის კრებულში (AIP)“ შეიტანონ.

გუშინვე, ოკუპირებული რეგიონის მთავრობამ კიდევ ერთი დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც სოხუმის აეროდრომს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის „ერთობლივი ბაზირების“ აეროდრომის სტატუსს ანიჭებს.

რას აღნიშნავს სოხუმის აეროპორტისთვის / აფხაზეთის საჰაერო სივრცისთვის მინიჭებული კოდი?

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც 1944 წლიდან სამოქალაქო ავიაციის სფეროში სტანდარტებსა და პრაქტიკას ადგენს. ICAO მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ აეროპორტებს სპეციალურ ოთხნიშნა კოდებს ანიჭებს. ეს კოდები ICAO -ს დოკუმენტში – „7910: ლოკაციის ინდიკატორები“ – ქვეყნდება. აეროპორტების კოდები ავიაკომპანიებისა და ავიაციის მარეგულირებელი ორგანოების მიერ ფრენების დაგეგმვისათვის, აგრეთვე სააერონავიგაციო, მეტეოროლოგიური და სხვა მონაცემების გაცვლისათვის გამოიყენება.

აეროპორტების კოდებს რეგიონული სტრუქტურა აქვს. სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული კოდის შემთხვევაში U – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს აღნიშნავს (გარდა მოლდოვისა და ბალტიის სახელმწიფოებისა), R – როსტოვის საჰაერო ზონას, რომელშიც რუსეთის ფედერაციის სამხრეთის და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქები შედიან, A – აფხაზეთს, ხოლო S – სოხუმს აღნიშნავს.

მსგავსი კოდები აქვთ დონის როსტოვის საერთაშორისო აეროპორტს (URRP), გროზნოს აეროპორტს (URMG), სოჭის აეროპორტს (URSS) და რუსეთის სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქებში შემავალი სხვა ქალაქების აეროპორტებს. შესაბამისად, თუ მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების მიმართვას დააკმაყოფილებს, სოხუმის აეროპორტიც ფაქტობრივად რუსეთის საჰაერო სივრცეში მოექცევა.

რას ფიქრობენ სოხუმში რუსეთის საჰაერო სივრცეში შესვლაზე?

სოხუმის აეროპორტის რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქცევის გეგმაზე კომენტარი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა, რომელიც 26 ივლისს მინისტრთა კაბინეტის სხდომას თავმჯდომარეობდა.

„ჩდება სხვადასხვა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ეს ჩვენს სუვერენიტეტზე. როგორც კი ალფებეტური კოდის გაშიფრვისას გაისმა სიტყვები „როსტოვი“, „რუსეთი“, მაშინვე გაჩნდა კითხვა „ხომ არ ნიშნავს ეს სუვერენიტეტის დაკარგვას“? – აღნიშნა ხაჯიმბამ და დასძინა: „რუსეთმა თავად გვაღიარა ჩვენ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ [დამოუკიდებელ სახელმწიფოდ] შევდგეთ. გამოყოფს ფინანსურ დახმარებას და ქმნის პირობებს, რათა ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი დაწესებულებები მუშაობდნენ. საქმე ეხება იმ კავშირების განმტკიცებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ტურისტები და ინვესტორები. სწორედ ეს ქმნის ჩვენს საბიუჯეტო შესაძლებლობებს“.

რას ფიქრობენ სოხუმის გეგმებზე თბილისში?

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის მიერ მიერ მიღებული გადაწყვეტილების პასუხად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტავს: „საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ”.

სააგენტოს თანახმად, „იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე“.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ „ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება“.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის მცდელობები

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის აღდგენას დიდი ხანია ცდილობს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ამის შესახებ არაერთი ცნობა ვრცელდებოდა. 2006 წელს აეროპორტის ამოქმედების განზარხვის შესახებ სოხუმის იმდროინდელმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა. 2009 წელს ბაღაფშმა აფხაზეთის რკინიგზა და აეროპორტი რუსეთს „დროებით მმართველობაში“ გადასცა.  2011 წელს აფსიპრესი იტყობინებოდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის მიზნით, ის რუსულ ჰოლდინგ „ნოვაპორტს“გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა. 2014 წელს კი – გავრცელდა ცნობები, რომ სოხუმის აეროპორტის „რეკონსტრუქციის“ თაობაზე ხელი მოაწერა „განზრახულობის ხელშეკრულებას“ კრასნოდარში მოქმედ კომპანია „აეროპორტ დეველოპმენტთან“.

26 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტის“ სხდომაზე, აფხაზეთის „ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარემ ვახტანგ ფიფიამ განაცხადა, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით სამუშაოები, მათ შორის, საინჟინრო კვლევები, რუსი ინვესტორის მონაწილეობით მიმდინარეობს, „მომდევნო თვის განმავლობაში კი საპროექტო დოკუმენტების შემუშავება დასრულდება“.

მისივე თქმით, სოხუმის აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია და დიდი იმედები მყარდება არა მხოლოდ მგზავრთა გადაყვანაზე, არამედ სატვირთო გადაზიდვებზეც. მისივე განცხადებით, აეროპორტის გარეშე რთული იქნება აფხაზეთის, როგორც სატრანსპორტო ჰაბის, შემდგომი განვითარება. ფიფიას თქმით, აეროპორტის აღდგენა „მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ და მუშაობა „დიდი საზღვაო პორტის“ პროექტზეც მიმდინარეობს.

სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. ის აფხაზეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერასთან მდებარეობს.

გავცელებული ინფორმაციით, 1993 წელს აეროპორტის დახურვის შემდეგ, იქ პირველი რეისი 2008 წლის აგვისტოში შესრულდა, როდესაც რუსეთმა, საქართველოსთან ომის დროს, აფხაზეთში სამხედრო თვითმფრინავებით დესანტი გადასხა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)