Site icon Civil.ge

აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ 10 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

ფოტო: apsnypress.info

ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოსთვის დანიშნულ  „საპრეზიდენტო არჩევნებში“ 10 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. რეგიონის „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ შვიდი კანდიდატი 19 ივლისს, სამი კი – კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის ბოლო დღეს, 26 ივლისს დაარეგისტრირა.

აფხაზეთის „კონსტიტუციის“ თანახმად, პრეზიდენტთან ერთად, ხდება ვიცე-პრეზიდენტიც არჩევაც. შესაბამისად, ადგილობრივმა „ცესკომ“ ვიცე-პრეზიდენტობის 10 კანდიდატიც დაარეგისტრირა.

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არიან:

ავადმყოფობის გამო „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობას არ იღებს 56 წლის ოპოზიციონერი დეპუტატი ასლან ბჟანია. ის 2019 წლის აპრილში, გაძნელებული სუნთქვისა და მეტყველების პრობლემით, ჯერ სოჭის, შემდეგ კი მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით კი გერმანიაში გადაიყვანეს. ოპოზიციამ ბჟანიას მოულოდნელი ავადმყოფობა მის შესაძლო მოწამვლას დაუკავშირა და 20 მაისს საპროტესტო აქციები დაიწყო, რომ თავდაპირველად 21 ივლისისათვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბრისათვის გადაეტანათ და ბჟანიას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცემოდა.

22 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს და „საპრეზიდენტო არჩევნების“ ახალ თარიღად 25 აგვისტო განისაზღვრა. ამის მიუხედავად, 14 ივლისს, გავრცელდა ბჟანიას მიმართვა, რომელშიც მან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და ამომრჩეველს ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ კანდიდატის ალხას კვიცინიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ბჟანია მოქმედი „პრეზიდენტის“ ხაჯიმბას ძირითადი კონკურენტი 2014 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებშიც“ იყო.

აფხაზეთის „კონსტიტუციის“ თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს 35-დან 66 წლამდე ასაკის, ეროვნებით აფხაზი მოქალაქე, რომელიც არჩევნების დღემდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აფხაზეთში უნდა ცხოვრობდეს. კანდიდატად დარეგისტრირების ერთ-ერთი წინაპირობა აფხაზური ენის ცოდნაა, რისთვისაც ყველა კანდიდატი გამოცდას აბარებს.

აფხაზეთის „კონსტიტუციის“ მიხედვით, „პრეზიდენტს“ ხუთი წლის ვადით ირჩევენ. ერთი და იმავე პირის „პრეზიდენტად“ არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება.

აფხაზეთში ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ოკუპირებული რეგიონის „ცესკომ“ ამომრჩეველთა სიები არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 15 აგვისტომდე უნდა გამოაქვეყნოს. 2014 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ დაახლოებით 131 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

„აფსნიპრესის“ თანახმად, 25 აგვისტოს „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ საარჩევნო უბნები, აფხაზეთის გარდა, მოსკოვში, ჩერკესკსში და სტამბულშიც გაიხსნება.

ეს აფხაზეთში გამართული რიგით მეშვიდე „საპრეზიდენტო არჩევნები“ იქნება.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთის და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)