„სიმბოლური გამოხატულება, რამაც ადამიანები გარეთ გამოიყვანა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ბატონი გავრილოვის აღმოჩენა იყო. მიზეზები კი, უფრო ღრმა არის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არა მარტო ზეპირსიტყვიერად, არამედ შეგნებით აქვთ გაცხადებული, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა იყოს პროდასავლური, ჩვენი სახელმწიფო მოხელეების შრომა უნდა მიეძღვნას ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, დარჩნენ იმედგაცრუებულები. ისინი წლიდან წლამდე აკვირდებოდნენ ხელისუფლებას და აკეთებდნენ დასკვნას, რომ ხელისუფლება ორმაგ თამაშს თამაშობს. ერთის მხრივ, თითქოს ახდენს ევროპული ღირებულებების დეკლარირებას და მეორეს მხრივ კი, ხელს უწყობს იმას, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო მიჯაჭვული გახდეს რუსეთზე, სახელმწიფოზე, რომელიც არის ჩვენი მთავარი მტერი და რომელთან ერთადაც არსებობამ და ყოფნამაც აქამდე კარგი არაფერი მოგვიტანა და ზუსტად ვიცით, რომ არც მომავალში მოგვიტანს.
ამ აქციას სხვა აქციებისგან განასხვავებს ის, რომ აქციის ორგანიზატორებმა მოთხოვნები თავიდანვე მკაფიოდ ჩამოაყალიბეს. თქვეს ის, რომ ამ მოთხოვნებიდან გადახვევა არ იქნებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ მოთხოვნების ირგვლივ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, სოციალური მდგომარეობის და ინტერესების ადამიანები გაერთიანდნენ და მათ ყველას სჯეროდათ, რომ შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა არგუმენტით, მაგრამ სჯეროდათ, რომ სწორი პასუხი მომხდარზე იქნებოდა სწორედ ის, რაც მოთხოვნებში ჩამოიწერა. ამიტომ, ამ მოთხოვნების არშეცვლა მეტ-ნაკლებად აძლევს პროტესტს შესაძლებლობას, რომ დარჩეს უცვლელი და ადამიანები, რომლებსაც ეს პროტესტი გააჩნიათ, სანამ არ მიიღებენ იმას, რასაც სამართლიანად მიიჩნევენ, ინარჩუნებენ ამ განწყობას.
რა თქმა უნდა, ისიც გათვალისწინებული იყო თავიდანვე და ვიცოდით, რომ შეუძლებელია ამ ხნის მანძილზე, აქციის მონაწილეთა რაოდენობა ზუსტად იგივე იყოს, რაც იყო თავში და ეს არც არის მიზანი. მთავარია, რომ აქცია გრძელდება ცოტა სახეცვლილი სახით. მეორეს მხრივ, ისიც გვესმის, რომ ადამიანები ფიზიკურად აგვისტოს თვეში ვერ ახერხებენ ზუსტად იმ რაოდენობით მოსვლას, როგორც ამას ახალგაბრაზებულზე ახერხებდნენ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანთა რაოდენობაა შემცირებული, ვისაც პროტესტის გრძნობა აქვს ხელისუფლებისადმი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
თუ ხელისუფლების ამოცანა არის, რომ შეინარჩუნოს დემოკრატიულობის ის სახე, რომლითაც ცდილობდა აქამდე საზოგადოების ნაწილში მაინც საკუთარი თავის წარმოდგენას და პრეზენტაციას, მას მოუწევს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მის მიმართ წაყენებული. თუკი ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მოკლევადიან პერიოდშია მნიშვნელოვანი კონკრეტული თანამდებობის პირებისთვის ღირსების შენარჩუნება, მათ შორის, სიმბოლურად არ სჯის პოლიტიკური თანამდებობის პირებს ძალადობის გამო და ეს უნდა, რომ საზოგადოებას აჩვენოს, ამან, შესაძლოა, მოკლე ვადაში ხელისუფლებას გუნდში ერთგვარი სიმტკიცე შესძინოს და მეტი გაბედულება შემატოს მოხელეებს, რომლებიც ხვალ კანონს დაარღვევენ, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ეს აუცილებლად წაგებული და დასამარცხებლად განწირული ქმედებაა და ხელისუფლება ამას ვერ იაზრებს.
ჩვენ არც იმდენად გულუბრყვილოები ვართ, რომ წინასწარ არ ვიცოდეთ და არ გვქონდეს გააზრებული, რომ დროსთან ერთად, ადამიანებში პროტესტი არ იკლებს, მაგრამ იკლებს პრიორიტეტულობა საკითხების. ეს არის მოცემულობა, რასაც თვალს ვუსწორებთ, თუმცა ამ ადამიანებს მაინც სჭირდებათ საზრდო, მოსმენა იმ სიტყვის, რომელიც მათ პროტესტსაც გამოხატავს. ამიტომ, ჩვენმა პროტესტმა სახეცვლილება განიცადა და გადაცემა „სირცხვილიას“ ფორმატით გრძელდება პარლამენტის წინ, რაც ერთგვარი უპრეცედენტო შოუც არის, სადაც ადამიანები მოდიან და იმ საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსიას მართავენ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.
პარალელურად, აქციები იქნება ბევრად უფრო გაშლილი ტერიტორიულად და არ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ რუსთაველის გამზირზე. ყოველდღიურად შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ადამიანებს, როდესაც თვალს დათხრიან პოლიციელები, ამაზე პასუხი უნდა აგოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. ამის შეხსენება ხელისუფლებისთვის ყოველდღიურად არის ძვირი ფასი. თუკი ხელისუფლებას ამ ფასის გადახდა უღირს იმად, რომ ჰყავდეს ბატონი გიორგი გახარია მინისტრად, კი, ბატონო, ეს მათი არჩევანია.
ჩვენ გვჯერა, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და სანამ იმ პრეცედენტს არ დავდებთ ამ ქვეყანაში, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად ისჯება მის მიერ გაჯინიანების და არდათმობის გამო, ბუნებრივია, ჩვენ ვთვლით, რომ წავაგებთ ხვალ და ზეგ. ყველა ერთად წავაგებთ, ქართული ოცნებით, ოპოზიციისა და რიგით მოქალაქეების ჩათვლით.
ჩვენ ვიცით, რომ გახარიას წასვლა არის არა გახარიას და ქართული ოცნების დამარცხება, არამედ ჩვენი საზოგადოების გამარჯვება. ყველა ამ ქვეყანაში მივალთ შეთანხმებამდე, რომ როდესაც ასეთი ცუდი რამ ხდება, შს მინისტრმა პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს, ამ პრეცედენტს შევქმნით. თუკი, ხელისუფლება ამ პრეცედენტის შექმნაში თავად მონაწილეობას არ მიიღებს, ის აღმოჩნდება საბოლოო ჯამში დამარცხებული. გავა თვეები, წლები, ხელისუფლება, ალბათ, წააგებს არჩევნებს, როდესაც იქნება და ზუსტად ისევე იქნება მისთვის დიდი შავი ლაქა ის, რომ ჰყავდა მინისტრი, რომელიც საზოგადოების მიერ ადამიანისთვის თვალების დათხრაშია ბრალდებული, როგორც ქართული საზოგადოება წამოაძახებს ხოლმე ყოფილ ხელისუფლებას მის ცოდვებს. ამიტომ, თუ ცოდვებით სიარული უნდა ქართულ ოცნებას, ეს მისი არჩევანია. მას შეეძლო ეს ლაქა, რომელიც 20 ივნისს წაისვა, დროთა განმავლობაში ამ გადაწყვეტილებით ჩამოერეცხა. თუ ამას არ აკეთებს, იცხოვრებს ამ მძიმე ტვირთით“.