ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელევიზიის 100%-იანი მფლობელისგან წილის 40%-ის შეთავაზებაზე უარს ამბობენ და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დვალმა და აქიმიძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ „მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული ქართული ოცნების ხელისუფლება“.
„ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებით, გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულად კი გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. ბოლოდროინდელი შემოთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას“, – აცხადებენ ისინი.
აქიმიძე და დვალი ამბობენ, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის „სამთავრობო ტროლებითა და ბოტებით“ გააქტიურდა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ მათ მიმართ „აბსურდული ბრალდებები“ ისმის.
„ჩვენთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მეთხუთმეტე და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მეშვიდე წელს ხელისუფლება ყველა ხერხით უმადურად გამოგვაცხადებდა, რომ ჩვენ არ ვიღებთ დიდსულოვნად ნაბოძებ საჩუქარს“, – ამბობენ ისინი.
დვალი და აქიმიძე აღნიშნავენ, რომ „რუსთავი 2“-ის სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და რომ ხელისუფლებას „ტელევიზიის უკანონო მფლობელთა შუალედური რგოლისთვის გადაცემის სამართლიანობის აღდგენად გასაღება არ გამოუვა“.
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები იმასაც ამბობენ, მათი მიზანია „წართმეული უფლებების აღდგენა სამართლებრივი გზით და არა კულუარული გარიგებების შედეგად“. ამასთან, დვალი და აქიმიძე ხელისუფლებას ახსენებენ, რომ „თაროზე შემოდებული 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დამფუძნებლებისთვის დაბრუნება“ მაინც მოუწევს.
„ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2“-მა დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი პოზიცია“, – დასძენენ დვალი და აქიმიძე.
განცხადების წაკითხვის შემდეგ, დვალმა და აქიმიძემ ჟურნალისტებს დასმულ კითხვებზე უპასუხეს. აღნიშნეს, რომ ტელეკომპანიით არასდროს უვაჭრიათ და რომ ხალვაშის სახით, მათ ხელისუფლება ესაუბრება და პირობებსაც სწორედ ის უყენებს. ხელისუფლებაში ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოვიაზრებთო, დააყოლეს.
დავით დვალის თქმით, აქიმიძეც და თავადაც ქიბარ ხალვაშთან შეხვედრაზე პესიმისტური განწყობით მივიდნენ, რადგანაც მათთვის ნათელი იყო, რომ ტელევიზიაზე კონტროლისათვის მებრძოლი ივანიშვილი არაფრის დამთმობი იყო.
„ხელისუფლებას მოუწევს იმ ტვირთის ზიდვა, რომ მან ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ფაქტობრივად ხელში ჩაიგდო „რუსთავი 2“ და კონტროლი დააწესა მასზე. ამ რეალობით ცხოვრება მოუწევს, ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობაზე უარს ვაცხადებთ“, – აღნიშნავს იგი.
დვალი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე გაცხადებულ პრეტენზიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი უბრალოდ ხელისუფლების ტროლია.
„მისი ეს ვითომ ხელმოწერა [ხალვაშის], არის დამოკლეს მახვილი, რომელიც ქიბარ ხალვაშის თავზე ჰკიდია. განცდა მაქვს, რომ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე [ხელისუფლება] და რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, რომ თუ ისე არ განვითარდა სცენარი, მის წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტი აამოქმედონ… ოქრუაშვილი მთლიანად ივანიშვილის თამაშს თამაშობს“, – განმარტავს იგი.
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს დღესვე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ უპასუხა და განაცხადა, რომ შეთავაზებაზე უარი და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება მათი უფლებაა. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის მხრიდან მათთვის 40%-იანი წილის შეთავაზება კეთილი ნება იყო და არა ვალდეულება, რასაც თავად აქიმიძეცა და დვალიც იზიარებენ.
ამბის წინაისტორია
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში არხის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 30 ივლისს შეხვდა და მათ ტელეკომპანიის 40%-ის გადაცემა შესთავაზა. დამფუძნებლებმა შეთავაზებაზე საჯაროდ უარი გუშინვე თქვეს, თუმცა უარზე დასაბუთებული პასუხი დღეისთვის გადადეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაცხადა. სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ განაცხადა, რომ ეროვნულ დონეზე „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი არ დაურღვევიათ. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ თავისივე, 2017 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებაც გააუქმა.
ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც ტელეკომპანიის დაბრუნებისთვის სამართლებრივი დავა 2015 წელს დაიწყო, საჯარო რეესტრს წილების გადაფორმების შესახებ მოთხოვნით, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მიმართა. საჯარო რეესტრმა მისი მოთხოვნა იმავე დღეს დააკმაყოფილა. ხალვაშმა იმავე დღეს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც შეცვალა და ნიკა გვარამიას ადგილზე თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)