„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას თვის ბოლოს დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე დააკმაყოფილებს და მათ ნაცვლად ახალ წევრებს დანიშნავს.
კონსორციუმის მიერ 5 აგვისტოს გავრცელებულ გაცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს „საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი“, „მაღალი რეპუტაციის მქონე“ პირები შეემატებიან. კერძოდ, საბჭოს წევრებად შემდეგი კანდიდატები არიან წარდგენილები: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი – მაიკლ ქაუგილი, საერთაშორისო იურიდიული ფირმა – Dentons-ის უფროსი მრჩეველი თედ ჯონასი და Concorde Capital-ის პრეზიდენტი ჟან-პატრიკ ვუაზა.
„კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან“, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ საბჭოში აშშ-ისა და საფრანგეთის მოქალაქეების ჩართულობა პროექტში ამერიკული და ევროპული ინტერესების მაქსიმალურად წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
კონსორციუმი მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენი ანაკლიას „სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტად“ აფასებს და აცხადებს, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების პარალელურად, იქამდე, სანამ მათ წინააღმდეგ წარდგენილი „უსაფუძვლო ბრალდებები“ არ გაქარწყლდება, მათ აქციებს „უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს“ გადასცემენ.
კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს მედიასთან კომენტარი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმაც გააკეთა. მისი განმარტებით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თანამდებობების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ მათ მიმართ ფულის გათეთრების შესახებ წაყენებულ „უსაფუძვლო ბრალდებებს“ ანაკლიის პორტის პროექტი და მიდინარე მოლაპარაკებების პროცესი არ დაეზიანებინა.
„როდესაც ადამიანის მიმართ ასეთი ბრალდებებია წაყენებული, შეუძლებელია, რომ მან წარმოადგინოს კომპანია და შეძლოს მთავრობასა და ჩვენს [კონსორციუმს] შორის მოლაპარაკებების სრულად ჩატარება“, – განაცხადა ახვლედიანმა მედიასთან საუბრისას და იქვე იმედი გამოთქვა, რომ კონსორციუმის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები მოლაპარაკებების პოზიტიურ ჭრილში წარმართვას შეუწყობს ხელს.
დღესვე ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პრიორიტეტულ სიაში დაფიქსირებული. „ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი“, – განაცხადა მან.
ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურაში 2018 წლის აგვისტოში 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე დაიწყო. საგამოძიებო უწყება მათ ფულის გათეთრებას ედავება.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)