2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ამასთან, დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით, პარალელურად კი, ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ადგილობრივი მოსახლეობის გატაცების და უკანონო დაკავების პრაქტიკაზეც მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ ამით რუსეთი „უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“ და „გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას“.
„შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და ღირსების შელახვა, ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყება კონფლიქტურ რეგიონებში ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობების შემთხვევებზეც მიუთითებს, რის მაგალითადაც დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფისა და ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შემთხვევებს ასახელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებისა და დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას განუხრელად აგრძელებს. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „საქართველომ სრულად შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ერთგულება, რუსეთის მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში“.
„საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ძალისხმევას არ იშურებს რუსეთის უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს. საქართველო ასევე მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების „ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება“ და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დასარეგულირებლად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, „კონსოლიდირებული ძალისხმევა წარმართოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად“.
სამინისტრო 2008 წლის ომში „გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებსაც“ უსამძიმრებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)