Site icon Civil.ge

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთს საქართველოდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებენ

ფოტო: twitter/Kaha Imnadze

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 8 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ესტონეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს და რუსეთის ფედერაციას 2008 წლის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდეს.

„რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება ორივე დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მეზობლების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ პატივისცემის ნაკლებობის დასტურია“,  ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი შეშფოთებული არიან ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გაძლიერების გამო. „ამგვარი ქმედებები კონფლიქტს ახანგრძლივებს და საქართველოსა და მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, რომ 2008 წლის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი შექმნას.

ისინი ასევე მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას დევნილთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის, საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართ.

საბჭოს წევრები ასევე მოუწოდებენ „ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მისიების და ადამიანის უფლებათა დამცველების წვდომას ამ რეგიონებში“.

შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა სინანული გამოთქვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მიღწეული პროგრესის ნაკლებობის გამო, მიუხედავად „ადრე დადებული პირობისა, რომ შერიგების მიმართულებით პროგრესი იქნებოდა მიღწეული“ და მოუწოდებს მხარეებს, რომ გააორმაგონ ძალისხმევა მოცემულ ფორმატში.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს გაეროს უშიშროების საბჭოდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო, ხოლო ევროკავშირის 6 ქვეყანას და აშშ-ს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადების გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)