Site icon Civil.ge

პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წაყენების შესახებ დადგენილება გამოიტანა

ნიკა გვარამია, ფოტო: კადრი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ვიდეოდან

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალის წაყენების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

საგამოძიებო უწყების 9 აგვისტოს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ზიანი მიადგა.

პროკურატურის განმარტებით, „ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე“.

კერძოდ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ 2015 წლის იანვარში ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც მაუწყებელმა საკუთარი არხების („რუსთავი 2“, „ახალი არხი – კომედი არხი“ და „მარაო“) ეთერში კომერციული განთავსების უფლება „ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო, რომლის მფლობელებიც მისი მეგობრები არიან. შეთანხმების საფუძველზე კი, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისთვის ანაზღაურების გადახდა ყოველთვიურად, „ინტერ მედია პლიუსის“ მიერ ფაქტობრივად მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ნიკა გვარამია მოქმედებდა რა „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრის კუთვნილი კომპანიის – „ინტერ მედია პლიუსისთვის“ გამორჩენის მისაღებად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, განზრახ არ მოითხოვა 6 763 510 ლარი, „რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა „რუსთავი 2“-ზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება საკუთარი კომპანიის ანგარიშზე მოეხდინათ და ტელეკომპანიისთვის არ გადაეხადათ“.

„შედეგად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს “ინტერ მედია პლიუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი – 8 690 664 ლარი“, – აცხადებენ პროკურატურაში და იქვე განმარტავენ, რომ გამოძიება „ინტერ მედია პლუსის“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნითაც მიმდინარებს.

პროკურატურის განმარტებით, ამ მომენტისთვის ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, „ინტერ მედია პლიუსმა“ საკუთრებაში ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 240 კვ.მ. – ფართობის ორი საცხოვრებელი ბინა მიიღო, რომელთა საერთო ღირებულება 565 226 ლარი იყო. საგამოძიებო უწყებისვე განმარტებით, 2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში „რუსთავის 2“-ის ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას გადაეცა, რომელმაც იმავე წლის ივლისში ორივე ბინა ჯამში 602 521 ლარად გაყიდა.

გენერალურმა პროკურატურის განმარტებით, საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, კომპანიის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის მიერ ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეს შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადებაც ერთვის.

გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ნიკა გვარამიას პასუხი

პროკურატურის განცხადებას Facebook-ის საშუალებით უკვე უპასუხა ნიკა გვარამიამ და პროცესს „სამარცხვინო უწოდა“.

„ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია ინტერმედიაში და ეს დოკუმენტები ამოღებულია პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?“, – წერს ნიკა გვარამია.

გვარამიას თქმით, კორუფცია ის თემაა, სადაც მისთვის წითელი ხაზი გადის. „ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. ხო გაგაფარჩაკე [მიმართავს ბიძინა ივანიშვილს] 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენს კაპიტულაციას. პირადად. გპირდები“, – აცხადებს იგი.

ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორობიდან მიმდინარე წლის 18 ივლისს, მას შემდეგ გადააყენეს, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ეროვნულ დონეზე ტელეკომპანიის საკთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სტრასბურგის სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაც გააუქმა. ამის შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც „რუსთავი 2“-ის წილებისთვის დავა 2015 წელს დაიწყო, ტელეკომპანია იმავე დღეს გადაიფორმა და გენერალური დირექტორიც იმავე დღეს შეცვალა და ამ პოსტზე ნიკა გვარამიას ნაცვლად მისივე ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)