14 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ გენერალური პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება და აცხადება, რომ „საქმე, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დევნას ემსახურებოდეს“.
არასამთავრობოების მიერ 9 აგვისტოს გავრცელებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საგამოძიებო ორგანოები „განსაკუთრებულად“ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ გააქტიურდნენ, რომლებსაც „პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან“.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრ სხვა საქმეზე გამოძიების ოპერატიულობა არ შეიმჩნევა, პროკურატურა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ „დაჩქარებულად“ და „უკიდურესად შემჭიდროებულ“ ვადებში მოქმედებს. „გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა“, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი გვარამიას საქმეზე „კონკრეტული, წონადი“ მტკიცებულებების წარმოდგენისა და კანონის ინტერესების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)