Site icon Civil.ge

„ტელეკომპანია პირველზე“ კიბერშეტევას პოლიტიკოსები და არასამთავრობოები აფასებენ

„ტელეკომპანია პირველის“ ლოგო, ფოტო: facebook.com/tvpirveli/

„ტელეკომპანია პირველზე“ 13 აგვისტოს განხორციელებულ კიბერთავდასხმას, რის შედეგადაც არხი სრულფასოვან მაუწყებლობას ამ დრომდე ვერ ახერხებს, მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებები მოჰყვა.

Civil.ge ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტელეკომპანიაზე კიბერშეტევას „სამწუხაროს“ უწოდებს და იმედოვნებს, რომ არხი სრულფასოვან მაუწყებლობას „უმოკლეს ვადებში“ შეძლებს. იგი კიბერდანაშაულს ნებისმიერი ქვეყნისთვის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ „ყველაზე მძიმე გამოწვევად“ აფასებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით საქართველომ „საუკეთესო ქვეყნების“ გამოცდილება უნდა აიღოს და ძირითადი აქცენტი პრევენციაზე გააკეთოს. მისივე თქმით, მომხდარის გამოძიებაზე შსს-ს ექსპერტები უკვე მუშაობენ.

ბახტაძე ოპონენტების კრიტიკას, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და „ტელეკომპანია პირველზე“ კიბერშეტევა ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის მცდელობაა, „სპეკულაციად“ და „პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად“ აფასებს.

„ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და იმ მაღალ სტანდარტზე დარჩეს და გაუმჯობესდეს, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განმარტებით კი, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს დანაშაული, „თუ ის მოხდა“, სათანადოდ იყოს გამოძიებული. „ეს არის კომპლექსური, საკმაოდ რთული საქმე და რთული სფეროა გამოძიებისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სამსახურები ძალისხმევას არ დააკლებენ“, – განმარტა მან.

ოპოზიციის შეფასება

„ტელეკომპანია პირველზე“ კიბერთავდასხმაში ხელისუფლების კვალს ხედავს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, „სასაცილოა“ იმაზე საუბარი, რომ ტელევიზიაზე თავდასხმა „შემთხვევით ვიღაც ჰაკერს მოუნდა“.

„აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის რუსულ სტილში ტელევიზიებზე თავდასხმის ციკლის ნაწილი. ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს, რომ ამით ის კიდევ უფრო წააგებს“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

იგივე პოზიცია აქვთ ნაციონალურ მოძრაობაშიც. პარტიის ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ ბანკზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ განცხადებას იხსენებს და აცხადებს, რომ საქმე ამ დრომდე არ გამოძიებულა და „არც არასდროს იქნება გამოძიებული“. „კიდევ უფრო მძიმედ იქნება საქმე „ტელეკომპანია პირველის“ შემთხვევაში იმიტომ, რომ მას ამხელა უსაფრთხოების დონე არ ექნებოდა სერვერზე, შესაბამისად ადვილად შეძლეს მისი გატეხვა“, – აღნიშნა მან.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგუაძის შეფასებით კი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, „ტელეკომპანია პირველზე“ განხორციელებული კიბერშეტევის იზოლირებულ ფაქტად განხილვა წარმოუდგენელია. „ეს ხელისუფლება ვერ იტანს თავისუფალ სიტყვას, ვერ იტანს ვერანაირ თავისუფალ სივრცეს, რომელსაც იგი არ აკონტროლებს და, რასაკვირველია, მას სურს „ტელეკომპანია პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რომელიც არის თავისუფალი სიტყვის პლატფორმა“, – აცხადებს იგი.

ტელევიზიაზე კიბერთავდასხმაში ხელისუფლების ჩართულობას არ გამორიცხავს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრი დავით ბერძენიშვილიც. მისი განცხადებით, თუ ეს ასე არ არის, მაშინ ხელისუფლებამ საქმე უმოკლეს ვადაში უნდა გამოიძიოს. „რა თქმა უნდა, თვეები გავა და არ იქნება გამოძიებული“, – განმარტავს იგი.

არასამთავრობო სექტორის გამოხმაურება

ხელისუფლებას „ტელეკომპანია პირველზე“ განხორციელებული კიბერშეტევის დროულად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდებს არსამთავრობო სექტორი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის თქმით, იმისათვის, რომ რაღაცას სპეკულაციები არ დაერქვას, მნიშვნელოვანია, რომ საკითხს ხელისუფლების მხრიდან „მკაფიო და სწრაფი“ რეაგირება მოჰყვეს და დამნაშავე პირები დაისაჯონ. „იმ ფონზე, როდესაც ხაზარაძის საქმესთან მიმართებით ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხები, ჩნდება კითხვა რამდენად აქვს ხელისუფლებას ინტერესი, რომ ასეთი ეს საქმე გამოიძიოს“, – განმარტავს იგი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის გიორგი ონიანის შეფასებით კი, ხელისუფლებას „რეპუტაციული“ პრობლემა აქვს და „საზოგადოების დიდი ნაწილი უშვებს, რომ [კიბერთავდასხმის] უკან, შესაძლოა, ხელისუფლება იდგეს“. „ბურთი არის ახლა ხელისუფლების მხარეს, მან უნდა ამტკიცოს, თავი იმართლოს და რაღაც შედეგი დადოს, რომელიც რეალურად სარწმუნო იქნება ხალხისთვის“, – აცხადებს იგი.

საგამოძიებო უწყებებს მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“.

„ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, „გურიანიუსის“ შემთხვევაში მოხდა“, – ნათქვამია ეთიკის ქარტიის მიერ 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

„ტელეკომპანია პირველმა“ არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ განცხადება 13 აგვისტოს გაავრცელა და განმარტა, რომ ინციდენტმა არხის სრულად პარალიზება გამოიწვია და არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა შეუძლებელი გახადა.

ტელეკომპანია პირველი ამ დრომდე სარეზერვო რესურსების გამოყენებით, შეფერხებით მაუწყებლობს. არხის კომერციული დირექტორის ნანა აბურჯანიძის განმარტებით, მუშაობის სრულფასოვან რეჟიმზე გადასვლას, რამდენიმე დღე დასჭირდება.

მომხდარის შესასწავლად, გუშინ ტელეკომპანიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფიც იმყოფებოდა. თუმცა, საგამოძიებო უწყებას საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ კიბერშეტევანმდე ერთი კვირით ადრე, ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი დაკითხვაზე იმ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს, რომლსაც გენერალური პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიმართ, ფულის გათეთრების ბრალდებით იძიებს.

დაკითხვაზე დაბარებას წერეთელი Facebook-ის მეშვეობით გამოეხმაურა გამოეხმაურა და განაცხადა:

„ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ“! – წერდა ვატო წერეთელი.

ასევე ნახეთ: