Site icon Civil.ge

ფინანსთა მინისტრი ტელევიზიებს საგადასახადო დავალიანების საკითხზე თანამშრომლობას სთავაზობს

ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ფოტო: facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის სამი მსხვილი ტელეკომპანიისთვის – „იმედისთვის“, „რუსთავი 2“-ისა და „მაესტროსთვის“ – საშეღავათო პირობების დაწესების საკითხი განიხილოს, რათა მათ ბოლო წლებში სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების გასტუმრება შეძლონ.

მინისტრის ცნობით, სახელმწიფოს წინაშე ყველაზე მსხვილი დავალინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აქვს და ის თითქმის 28 მილიონ ლარს აღწევს, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება 19 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო „მაესტროსი“ კი – 8 მილიონ ლარს ოდნავ აჭარბებს.

მაჭავარიანის თქმით, ტელეკომპანიებმა მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები საგადასახადო დავალიანების „რესტრუქტურიზაციის“, „საგადასახადო შეთანხმების“ გაფორმების, ან სხვა ტიპის საშეღავათო პირობებით სარგებლობის შესახებ, რასაც შემდგომში შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო განიხილავს. მინისტრის განცხადებით, ტელეკომპანიებისათვის ვალების „რესტრუქტურიზაცია“ მხოლოდ იმ პირობით იქნება შესაძლებელი, თუ ისინი „მიმდინარე დავალიანებებს“ დაფარავენ და ვალებს არ დაიგროვებენ.

ივანე მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული „მანკიერი პრაქტიკა“ უნდა დასრულდეს, როდესაც ტელევიზიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხდებოდა.

მისი თქმით, „ყველამ ვიცით პოლიტიკური კონტექსტი, ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესია, მედიამ იფუნქციონიროს, უმნიშვნელოვანესია, რომ ტელეკომპანიებმა იარსებონ“, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მედია „პოლიტიკურად სენსიტიური სექტორია“, ის ამასთან ერთად, არის „ჩვეულებრივი“, სხვებისგან „არაფრით გამორჩეული“ ბიზნესსექტორი და, იმ ფონზე, რომ შედარებით მცირე ტელეკომპანიები გადასახადებს დროულად იხდიან, მსხვილი ტელევიზიებისთვის ვალების ჩამოწერა სამართლიანი არ იქნებოდა.

საგადასახადო დავალიანებების კონტექსტში, ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გაყიდვის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ყველა არსებულმა, თუ პოტენციურმა მყიდველმა უნდა გაიგოს, რომ [გადასახადების ჩამოწერის] ეს გამრუდებული პრაქტიკა უნდა გავასწოროთ“.

მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ ტელეკომპანიების დავალიანების საკითხის განხილვის დროს, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური „მაქსიმალურად კონსტრუქციულები“ იქნებიან.

ტელევიზიების საგადასახადო დავალიანებების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა, 12 აგვისტოს არხის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ „რუსთავი 2“-ის დავალიანება 70 მილიონ ლარს შეადგენს, რის გამოც ტელეკომპანია „კატასტროფისწინა მდგომარეობაში“ აღმოჩნდა.

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი 18 ივლისს გახდა.

This post is also available in: Русский (რუსული)