საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, 15 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა საჯარო მოსმენების ერთთვიანი პროცესი, რომელშიც მონაწილეობა მოსამართლეობის 50-მა კანდიდატმა მიიღო.
გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრები ორი კვირის ვადაში შეაფასებენ კანდიდატებს, რის შემდეგადაც, იუსტიციის საბჭო, ვაკანტური თანამდებობების რაოდენობის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად მოსამართლეობის 20 კანდიდატს წარუდგენს. დეპუტატთა მხარდაჭერის შემთხვევაში, შერჩეული კანდიდატები უზენაესი სასამართლოში უვადოდ დაინიშნებიან.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ფეისბუქის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადასცემდა, არასამთავრობო სექტორის კრიტიკის, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არასამოსამართლე წევრთა შორის მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საბჭოს მოსამართლე წევრებს „კლანურ მმართველობასა“ და თავიანთთვის სასურველი კანდიდატებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ადანაშაულებდნენ.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა – ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ შეაფასეს და მას „ყალბი“ და „ფასადური“ უწოდეს.
„გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემაში არის ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. „ვერცერთმა მოქმედმა მოსამართლემ, რომელიც არის კონკურსანტი, ვერ შეძლო და ვერ გაბედა, უბრალოდ ეთქვა სიმართლე, რომ სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა და მას ჰქვია ჩინჩალაძე, რომელსაც, ცხადია, მხარს უჭერს და ერთ-ერთი ლიდერია ლევან მურუსიძე“, – აღნიშნა მან.
ჯანეზაშვილის განმარტებით, მას და ანა დოლიძეს, გასაუბრების პროცესში მონაწილეობა უხდებოდათ მოსამართლე-კოლეგების მხრიდან „ჯგუფური შეტევების რეჟიმში“. მისივე თქმით, კანდიდატებთან „გასაუბრება არ იყო რეალური. კარგად ჩანდა, რომ ზოგიერთი კითხვა და პასუხი იყო მთლიანად დაგეგმილი და წინასწარ განსაზღვრული“.
„ჩვენ დღეს ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, ფასადურ სამართალდამცავ ორგანოებს, ფასადურ დემოკრატიას, ფასადურ სახელმწიფო მართვას. ჩვენ წინაშეა ვითომ სასამართლო, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრემიერი, ვითომ პროკურატურა“, – განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის კომენტირებისას ანა დოლიძემ.
„ახლა პროცესის ერთი ეტაპი დასრულდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება“, – აღნიშნა მან და დასძინა: „სექტემბერში ყველას გელოდებით იმიტომ, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ეს ფასადი დაანგრიოს, არის ქართველი ხალხის ძალა“.
მედიასთან საკითხის კომენტირებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეფასებებს იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, თუმცა ისინი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის საფუძვლიან შეფასებას მას შემდეგ გეგმავენ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიას გამოაქვეყნებს.
კრიტიკას არ ეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, მან აღნიშნა, რომ „პროცესი წარიმართა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ. ყველა წევრს, მათ შორის, ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს, ჰქონდა შესაძლებლობა დაესვათ ის შეკითხვები, რაც სურდათ“. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილი და დოლიძე „პროვოკაციული ხასიათის“ შეკითხვებს სვამდნენ.
ამბის წინაისტორია
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვაკანტური თანამდებობების შევსების პროცესი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია წარუდგინა. სიის წარდგენას მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შედეგადაც, პარლამენტმა საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო და დაიწყო მუშაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე, რომელიც მანამდე კანონმდებლობით დარეგულირებული არ იყო.
1 მაისს, საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რომლითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცედურა გაიწერა. პროცედურის მიხედვით, დაზუსტდა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ასევე განისაზღვრა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კომპეტენციები.
კანონის მიღებიდან მალევე, 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიის დასაკომპლექტებლად კონკურსი გამოაცხადა.
საბჭომ სულ 139 კანდიდატის განაცხადი მიიღო, საიდანაც, 20 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადაიყვანა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები
კანდიდატებს შორის როგორც მოსამართლეობის გამოცდილების არმქონე იურისტები, ისე მოქმედი მოსამართლეებიც არიან.
გასაუბრებაში მონაწილეობა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემაც მიიღეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარედ მოიაზრება.
„ვთვლი, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი თავი განვიხილო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, თუ ბუნებრივია, [იუსტიციის უმაღლესი] საბჭოს და პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მიმართულებაში ჩემს სურვილებს და აზრებს დაემთხვევა“, – განაცხადა 23 ივლისს გამართულ გასაუბრებაზე გენერალურმა პროკურორმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, 10 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს პარლამენტი. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესი დასრულდება და უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობები საბოლოოდ შეივსება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საპარლამენტო პროცედურა
პარლამენტში წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს ცალ-ცალკე უყრის. თითოეულმა კანდიდატმა 15-წევრიანი იუსტიციის საბჭოს 2/3-ის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. ამის შემდეგ, მოსამართლეობის 20-კაციანი სია საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე მოისმენს. შემდეგ კი, თითოეულ კანდიდატს კენჭი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად, მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტის წევრთა სრული შემადგელობის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე წევრი, ასევე – ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს – საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.
ასევე წაიკითხეთ:
- ვენეციის კომისიის მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე –
- 20/03/2019 – საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)