საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 აგვისტოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და შეუთანხმებელ მონაკვეთზე პოზიციები განიხილეს.
საგარეო უწყების თანახმად, 19 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე საველე სამუშაოები, კერძოდ, საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის დათვალიერება და ერთობლივი აზომვითი სამუშაოები დაიგეგმა.
სამინისტროს განმარტებით, „19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას თქმით, ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები, შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლისა და საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მასალას მოამზადებენ, რომელსაც კომისიის შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ.
ამბის წინაისწორია
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს. მონასტრამდე მისასვლელი გზა ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს გაიხსნა.
მომხდარის შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის განახლებული სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად 14 მაისს შეიკრიბა. ორ ქვეყანას შორის საზღვრის სადელიმიტაციო საკითხებზე კომისიამ კიდევ ერთხელ 23-24 მაისს ბაქოში იმსჯელა.
ბოლო თვეების განმავლობაში, ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რასაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ეპარქიის სასულიერო პირების, მრევლის, რიგითი მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 2/3 შეთანხმებულია. შეუთანხმებელია საზღვრის 1/3, მათ შორის, სწორედ ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)