ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დღეს საღამოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთთან საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს გადასცა საქართველოს 8 მოქალაქე, რომელიც 17-18 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იყო დაკავებული და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა.
შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ, რომელიც ერგნეთში საქართველოს მოქალაქეების გადმოცემის პროცედურას ესწრებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გათავისუფლებული პირების „სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“. მისივე თქმით, ისინი „შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, გადაყვანილი არიან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, რის შემდგომაც დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“.
სირაძის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, ასევე – გამოყენებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მექანიზმი.
ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ცნობით, 20 აგვისტოს ცხინვალის რაიონის „სასამართლომ“ დაკავებული პირები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს. საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, ჯარიმა „სავარაუდოდ“ გათავისუფლებული მოქალაქეების ახლობლებმა გადაიხადეს.
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება მათ „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას“ ედავებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)