„რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების თითქმის სრული შემადგენლობის წასვლიდან მეორე დღეს, ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში პირველ განცხადებას ავრცელებს, სადაც იგი ჟურნალისტების მხრიდან „ემოციური“ გადაწყვეტილების მიღებასა და არხზე დაგეგმილი „პოზიტიური სიახლეების“ შესახებ საუბრობს.
22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანიის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ აიტვირთა, ხალვაში ამბობს, რომ ტელევიზიის „ფინანსური ნგრევის“ შემდეგ, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ „არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო“.
მისივე თქმით, ტელევიზიის მმართველებმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს „სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტებით“ მუშაობა შესთავაზეს, რაც მისივე განმარტებით, „კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ“ მაუწყებლობას ნიშნავს, თუმცა „ზოგიერთმა თანამშრომელმა ეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაც აღიქვა“.
„ვერცერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა“, – აცხადებს ხალვაში. მისივე თქმით, „ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც“.
ხალვაშის შეფასებით, ნიკა გვარამიამ „მის პატრონთან“ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, „რუსთავი 2“- „აგრესიული, პარტიული პროპაგანდის იარაღად“ გადააქცია და, წლების განმავლობაში, მათი მთავარი ინსტრუმენტი „სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო“.
ხალვაში ნიკა გვარამიასა და რამდენიმე თანამშრომლის ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ამან კომპანიას „უმძიმესი დარტყმა“ მიაყენა.
„ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ კურიერის დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს“, – აცხადებს იგი.
მისივე თქმით, მალე ყველა დარწმუნდება, რომ „რუსთავი 2“ თავის ძველ ტრადიციას არ ღალატობს და ის ისეთივე „კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი“ იქნება, როგორიც წლების წინ იყო, „სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა“.
იმავე საღამოს ტელევიზია საინფორმაციო გამოშვების „კურიერის“ სამმა წამყვანმა დატოვა. 21 აგვისტოს მათ „კურიერის“ თითქმის სრული შემადგენლობა შეუერთდა. „რუსთავი 2“ ასევე დატოვეს შაბათისა და კვირის შუადღის, აგრეთვე ანალიტიკური გადაცემა „პოსტკრიპტუმის“ გუნდებმა.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)