საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტუვას ეწვია. ვილნიუსში ის ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა და, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესიც განიხილა.
გიტანას ნაუესედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის არაღიარებით, გამოხატავს „უპირობო მხარდაჭერას“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობს „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პროცესის განახლებას“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ შესახებ ისაუბრა ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე და აღნიშნა, რომ „უკანონო ბორდერიზაციის, ტერიტორიების ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფის, მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, ოჯახებისა და სოფლების გამიჯვნის ფაქტები რუსეთს აშკარა წინააღმდეგობაში აყენებს იმ პრინციპებთან მიმართებით, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს უდევს საფუძვლად“.
„ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების, ჩვენი ლიეტუველი და ბალტიელი მეგობრების მხარდაჭერა, რათა განვაახლოთ და რეალური პოლიტიკური მნიშვნელობა შევძინოთ მოლაპარაკების ფორმატებს… პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად, და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ბორდერიზაციას ახლოდან ან შორიდან აკვირდებოდნენ – ეს ვითარებას არ ცვლის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ჩვენ გვჭირდება ევროპა და ევროპელი ლიდერები, რომ დავარწმუნოთ რუსეთი, ხელი აიღოს ძალის გამოყენებასა და მუქარაზე, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და იმოქმედოს წესების დაცვით არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ ყველა მეზობელ ქვეყანასთან მიმართებით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „უკრაინა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელია“.
ადამკუსის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების საკითხები, აგრეთვე ევროკავშირის საერთო ენერგოპოლიტიკა განიხილეს. კონფერენციის გახსნისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ლიდერების როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით პოლიტიკის ფორმირებაში.
ნაუსედას განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენს სიმამაცესა და პოლიტიკურ ნებაზე, თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს“. „კარგად გვესმის, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართული ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა მუდმივად აწყდება ახალ დაბრკოლებებს“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
„ბოდერიზაცია“ დაგმეს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვებმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)