ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლისა და საინფორმაციო გადაცემების შეწყვეტიდან ერთ კვირაში, არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია კამერების წინ პირველად 26 აგვისტოს გამოჩნდა და ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსისა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ოთახიდან გამართული ბრიფინგი პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „იმედმა“ გადასცა, „რუსთავი 2“-ზე კი, ამ დროს ფილმი გადიოდა. პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის წარდგენისას, მის BBC-ზე მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას გაუსვა ხაზი და იქვე აღნიშნა, რომ წლების წინ, მან ქვეყანა „წინა ხელისუფლების წარმომადგენლების [მხრიდან] არსებული წნეხის“ გამო დატოვა.
„მისმა მოსვლამ დღეს ძალიან დიდი იმედი მისცა ადამიანებს და ჩვენ, მასთან ერთად, მზად ვართ, ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შექმნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ის კიდევ ერთხელ იქნება პირველი არხი საქართველოში“, – თქვა სალიამ.
მანვე ყურადღება „რუსთავი 2“-დან „პროტესტის ნიშნად“ წასულ ჟურნალისტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ტელევიზიის კარი ღიაა მათთვის, „ვინც ემოციურ ფონზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო. „რუსთავი 2“-ის კარი ღიაა ყველასათვის, პროფესიონალებისთვის, ვინც ამ არხზე წლები მუშაობდა და ვისაც უნდა, რომ ეს არხი იყოს მართლაც მაღალპროფესიული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კრიტიკული ტელევიზია“, – განამცხადა სალიამ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი კვირაა, რაც „რუსთავი 2“-ზე ჟურნალისტების წასვლის გამო, ეთერი ფაქტობრივად შეწყვეტილია და არხზე მთელი დღის განმავლობაში ფილმები გადის, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ დროისთვის, ტელეკომპანიაში მუშაობას 800 თანამშრომელი აგრძელებს და ისინი „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრებად რჩებიან.
ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე არხის საინფორმაციო სამსახურის მომავალმა ხელმძღვანელმა ირაკლი იმნაიშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ ტელეკომპანიის მფლობელებთან სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულების შექმნაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება და ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტებს საკუთარი უფლებებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის შესაძლებლობას მისცემს.
„პირველად საქართველოში გვინდა შევქმნათ პრეცედენტი, როდესაც იარსებებს გაწერილი სარედაქციო შეთანხმება და მისი დარღვევა იურიდიულად აღიქმება საკონტრაქტო ვალდებულების დარღვევად“, – განაცხადა მან.
იმნაიშვილისვე თქმით, მას აქვს ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტებისა და გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია“. „გამარჯვება უპირველეს ყოვლისა გუნდმა უნდა მოიპოვოს ცენზურაზე, განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან თუ მმართველი პარტიიდან წამოსული ცენზურა, ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა“, – აღნიშნა მან.
მან არხიდან წასულ ჟურნალისტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, მათ დიდ ნაწილს უკან დაბრუნება სურს. მისივე თქმით, ისინი „ემოციური ზეწოლის“ გამო, „არჩევნის ზღვარზე დგანან – მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ [გააკეთონ] პროფესიული [არჩევანი]“.
ტელევიზია პირველებმა არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების – „კურიერის“ წამყვანებმა პირდაპირ ეთერში დატოვეს. ამის შემდეგ, საინფორმაციო გამოშვება შეწყდა და ეთერში ამ დრომდე არ გასულა. მეორე დღეს, „რუსთავი 2“ კურიერის თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. მათ ეტაპობრივად სხვადასხვა გადაცემის გუნდებიც შეუერთნენ.
„რუსთავი 2“-ზე ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც ტელეკომპანიის წილებისთვის დავა 2015 წლიდან დაიწყო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელევიზია გადაიფორმა და არხის გენერალური დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა.
პირველ ეტაპზე ტელეკომპანიის ახალი მმართველები თანამშრომლების შემადგენლობისა და სარედაქციო პოლიტიკის უცვლელად დატოვების პირობას დებდნენ, თუმცა პირობა მალევე დაირღვა და არხზე საკადრო ცვლილებები დაიწყო.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)