Site icon Civil.ge

საქართველოს შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობდა

ანდრეას ნორლენი და არჩილ თალაკვაძე, 29 აგვისტო, 2019, თბილისი, საქართველო, ფოტო: facebook.com/parliamentgeo

შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის სპიკერის ანდრეას ნორლენის ხელმძღვანელობით, 28-29 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა. 29 აგვისტოს შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე მის ქართველ კოლეგას არჩილ თალაკვაძეს შეხვდა და მასთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ანდრეას ნორლენმა აღნიშნა, რომ შვედეთის დელეგაციამ, რომლის წევრებიც 4-წლიანი საპარლამენტო ვადის განმავლობაში ერთობლივ ვიზიტს მხოლოდ ერთხელ ახორციელებენ, საქართველოსა და მანამდე სომხეთში სტუმრობა იმ მიზნით გადაწყვიტეს, რათა „დაედასტურებინათ  შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ყველა იმ საკითხის მიმართ, რაც დემოკრატიასთან ასოცირდება“.

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „მსოფლიოს ეს ნაწილი გარკვეულწილად პრობლემურია“ და რომ საქართველოს დემოკრატია და სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები „სინათლის სხივებად“ აღიქმება. „ჩვენ გვსურს დავადასტუროთ შვედეთის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტისა და დემოკრატიული კულტურის მიმართ“, – განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

შვედეთი ქართული პოლიტიკის პოლარიზებით შეშფოთებულია

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „დემოკრატიებისთვის ურთიერთანადგომა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სხვადასხვა სახის გარე საფრთხესთან გიწევს შეჯახება“. „სხვა პარტიის წარმომადგენლები არა მტრები, არამედ კოლეგები არიან“, – თქვა ნორლენმა და იქვე ერთმანეთთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოთ პარტიულ ჩარჩოებს მიღმა თანამშრომლობა, როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, და ამით გამოხატოთ პატივისცემა თქვენი კოლეგა პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თქვენ მსგავსად ხალხის მიერ არჩეულნი არიან“, – დასძინა მანვე.

ნორლენის თქმით, ის ფაქტი, რომ მის დელეგაციაში შვედეთის პარლამენტის სრული პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი, იმის კარგი მაგალითია, რომ „პარტიები იდეოლოგიის დონეზე ერთმანეთის ოპონენტები არიან, მაგრამ ისინი ერთმანეთთან თანამშომლობენ, როგორც ქვეყნისთვის კრიტიკულ სიტუაციებში, ისე ყოველდღიურ საპარლამენტო ცხოვრებაში“.

შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია 29 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა მინსიტრს დავით ზალკალიანს შეხვდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზსაც ესტუმრნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)