საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩნას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
უწყების მიერ 30 აგვისტოს გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მსგავსი დესტრუქციული ქმედება“ და „საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები“ მორიგი პროვოკაციაა, რაც „უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს“ და მიზნად „დესტაბილიზაციას“ ისახავს.
„საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართული მხარე ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას აგრძელებს და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს და მოუწოდებს სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)