Site icon Civil.ge

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ჩორჩანაში ჩავიდნენ

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ჩორჩანაში ჩავიდნენ. ფოტო: კადრი რადიო "თავისუფლების" ვიდეომასალიდან

დღეს დილით, 8 საათისთვის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მახლობლად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, ახალად მოწყობილ ქართულ საპოლიციო პოსტთან ჩავიდნენ და, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის გამო, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა გუშინ გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე ულტიმატუმი წამოაყენეს და თბილისს საპოლიციო პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ზომების გატარებით და IPRM-ის ფორმატის ჩაშლით დაიმუქრნენ.

ქართულ საპოლიციო პოსტთან დილიდან მშვიდი ვითარება იყო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აღნიშნული ტერიტორია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდეც და შემდეგაც ითვლება და არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მათ ასევე განაცხადეს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი „კატეგორიულად მიუღებელია“.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის მოწყობას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ „გაუმჯობესდეს ადგილზე უსაფრთხოების გარემო“. მისივე თქმით, „აღნიშული საგუშაგო არავის უქმნის პრობლემას, განსაკუთრებით იმ მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობს.

„ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, რომ განვაგრძოთ დისკუსია ამ საკითხის დარეგულირების კუთხით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი აღნიშნულ თანამშრომლობაში ჩაერთვებიან“, – აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.

სოფელ ჩორჩანაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც ლაშა დარსალიაც იმყოფებოდა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყება პარტნიორ ქვეყნებთან 24-საათიან რეჟიმში, მუდმივ კონტაქტზე იმყოფება. „მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რათა არ მოხდეს ვითარების შემდგომი ესკალაცია“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: Русский (რუსული)