Site icon Civil.ge

რუსეთი ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს მშენებლობით გამოწვეული ესკალაციის გამო შეშფოთებულია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები წაღვილი-ჩორჩანას ტყის ტერიტორიაზე პატრულერებდნენ. ფოტო: facebook.com/EUMM.GEO

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინალის რეგიონში მდებარე სოფელ წნელისის მახლობლად ქართული საპოლიციო პოსტის მოწყობას ეხმაურება და საგუშაგოს მშენებლობით გამოწვეული „დაძაბულობისა“ და „ესკალაციის“ გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, აღნიშნული „პროვოკაციები“ საქართველოს მხრიდან ცხინვალთან „საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის“ შესახებ მოლაპარაკებებზე უარის ფონზე მიმდინარებს, რის გამოც ოსური მხარე იძლებულია, რომ სამუშაოები ცალმხრივად აწარმოოს.

„სამუშაოები [ბორდერიზაციის პროცესი] ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული. ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მსგავსად, ეს სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლებაა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 30 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ოფიციალური თბილისი, დასავლეთის დახმარებით, „პროვოკაციული აქციებისა და პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიის“ გზით, „საზღვარზე“ მიზანმიმართულად ცდილობდა დაძაბულობის შექმნას.

„ეს სულაც არ უწყობდა ხელს მოძველებული სასაზღვრო პრობლემის გადაჭრას, პირიქით რეგიონში ატმოსფეროს ძაბავდა, რამაც საბოლოო ჯამში, სიტუაციის გამწვავება გამოიწვია“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და მხარეებს თავშეაკებისა და საკითხის IPRM-ისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში კონსტრიუქციული განხილვის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

სოფლების ჩორჩანასა და წნელისის მახლობლად ქართული საპოლიციო პოსტის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რამაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

28 აგვისტოს, ოსმა „მესაზღრეებმა“ ჯავშანტექნიკის გამოყენებით სოფლების წნელისისა და გვირგვინას სიახლოვეს რეიდი ჩაატარეს, რასაც ადგილზე „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა.

29 აგვისტოს კი, ცხინვალმა სოფლების – წნელისისა და ჩორჩანას – მახლობლად „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ (ომონ) და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურის დანაყოფები შეიყვანა. 30 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩნას სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო შეშფოთება გამოთქვა და საეთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის გამო, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 29 აგვისტოს გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე ულტიმატუმი წამოაყენეს და თბილისს საპოლიციო პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ზომების გატარებით და IPRM-ის ფორმატის ჩაშლით დაიმუქრნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა არ შეასრულა. 30 აგვისტოს, დილიდან ჩორჩანაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ ადგილზე მშვიდი ვითარება დახვდათ. მოგვიანებით კი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, წნელისში ცხინვალისა და მოსკოვის წარმომადგენლებთან ერთად, ტექნიკური შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებისა“, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპოლიციო პოსტის თაობაზე მორიგი ტექნიკური შეხვედრა მომდევნო კვირის დასაწყისში, სოფელ ერგნეთში გაიმართება და ამ დროისთვის, ქართული საგუშაგოს ადგილმდებარეობა უცვლელი რჩება.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)