გაზ. საქართველო, 1919 წლის 5 სექტემბერი, N191
ყაჩაღ „უტრუხუნეს“ მოკვლა
შინაგან საქმეთა მინისტრს ატყობინებენ რომ თელავის მაზრაში მოუკლავთ ცნობილი ყაჩაღი უტრუხუნე ამის გამო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგმა (პარმენ ჭიჭინაძემ) ბრძანება გამოსცა: დიდი ხანია თელავის მაზრაში თარეშობდა ცნობილი ყაჩაღი გიო მახნიაშვილი (უტრუხუნე), რომლის თავგასულობას საზღვარი არ ქონდა. მთელი მაზრის მცხოვრებნი ტერორს ქვეშ იმყოფებოდენ მისი ვერაგული საქციელის გამო. მაზრის მშვიდობის მოსურნე მცხოვრებთა ქონებრივი და პირადი უზრუნველყოფა დარღვეული იყო. თელავის მაზრის მილიციის უფროსის აბაშიძის და მისი თანამშრომელთა ენერგიული მეცადინეობის გამო, დასახელებული ყაჩაღი მახნიაშვილი (უტრუხუნე) მოკლულ იქნა და მით მაზრის მცხოვრებნი განთავისუფლდენ მისი ტერორისაგან. ვიღებ რა მხედველობაში მილიციის უფროსის აბაშიძის და მისი თანამშრომლობის დიდ ღვაწლს, ვუცხადებ მადლობას, როგორც მილიციის უფროსს – აბაშიძეს, ისე მის თანამშრომლებს, რომელებიც მას ეხმარებოდნენ ყაჩაღ მახნიაშვილის (უტრუხუნეს) მოკვლაში.