Site icon Civil.ge

ხაზარაძე-ჯაფარიძე: „პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან“

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ფოტო: კადრი რადიო თავისუფლების ვიდეოდან

თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები თიბისი ბანკის საქმეზე პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებებისა თუ დასკვნის გაცნობის მიზნით, 6 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში დახურულ შეხვედრაზე მიიწვია.

ხაზარაძე და ჯაფარიძე მიერ 2 სექტემბერს გავრცელებული ერთობლივი განცხადებით, პროკურატურას ახსენებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სამართლებრივი წესების მიხედვით, „ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს და პირის დამნაშავეობა გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით ამტკიცოს“, სასამართლო პროცესია.

„აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. ჩვენთვის გაუგებარია რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება, რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებული, გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად“, – ამბობენ ისინი.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის მტკიცებით, ასეთი შეხვედრებით პროკურატურა ღიად ცდილობს „ამ პოლიტიზებულ საქმეზე“ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა დიპლომატიურ კორპუსზე გადაიტანოს. მათივე შეფასებით, ეს მცდელობა აჩვენებს, რომ თიბისი-ს საქმესთან მიმართებით, „პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის“.

ბიზნესმენები ყურადღებას თიბისი ბანკის საქმის გარშემო მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ამახვილებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებამდე, „ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით“, საქმესთან მიმართებით საზოგადოებრივი აზრის შექმნას სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ცდილობენ.

ხაზარაძე და ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმის „გამჭვირვალედ, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით“ წარმართვას ითხოვენ. მათივე თქმით, ექსპერტები არა პროკურატურის მიერ დაქირავებული ექსპერტები, არამედ „მისგან დამოუკიდებელი, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები“ უნდა იყვნენ, რომლებსაც საქმის შესახებ „სრული და ყოველმხრივი“ ინფორმაცია მიეწოდებათ. 

Civil.ge დეტალების დაზუსტებას პროკურატურასთან ცდილობს, თუმცა უწყებაში ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. სიახლე მასალაში ინფორმაციის მიღებისთანავე აისახება. 

ამბის წინაისტორია

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებიც, ამავდროულად, ანაკლიის პროექტის მთავარი პარტნიორები არიან, თიბისი ბანკის მიერ 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 2018 წლის 2 აგვისტოს აღძრა. გამოძიების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მხოლოდ 2019 წლის იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად 2019 წლის 24 ივლისს, საქმის აღძვრიდან თითქმის ერთი წლის თავზე ოფიციალურად წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება შეუზღუდა.

ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მათი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორებას უკავშირებს. მმართველი გუნდი კი, დაწყებული გამოძიების ანაკლიის პროექტთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებიდან მალევე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკში დაკავებული ყველა თანამდებობა დატოვეს. ამასთან, მათივე განცხადებით, აგვისტოს ბოლოს, მათ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებული პოსტებიც დატოვეს.

პარალელურად, თიბისი ბანკისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავენ. მათ ამის შესახებ, მათ აღნიშნული 27 აგვისტოს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზეც დაადასტურეს, სადაც ხელსუფლება „პოლიტიკურ დევნაში“ დაადანაშაულეს და „მეგობარი ქვეყნების“ საელჩოებს მათ ირგვლივ მიმდინარე პროცესში „აქტიური ჩართვისკენ“ მოუწოდეს.

თიბისი ბანკის საქმეზე ბრალი 22 აგვისტოს „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამას ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც წარუდგინა. პროკურატურა მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. 27 აგვისტოს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)