ორთვიანი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. გადაწყვეტილება დღეს საზოგადოებას პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააცნო.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გახარიას კანდიდატურას ოცნების გუნდის „სრული მხარდაჭერა“ აქვს და მასთან მიმართებით კითხვები არ დასმულა. მისივე თქმით, გიორგი გახარიამ „ღირსეულად იმსახურა“ შს მინისტრის პოსტზე და მან პრემიერობის პოსტზე წარდგენა დაიმსახურა. „ვფიქრობ, რომ პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს“, – დასძინა ივანიშვილმა და იქვე აწ უკვე ყოფილ პრემიერს მამუკა ბახტაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
მედიასთან კომენტარი პრემიერობის კანდიდტმა გიორგი გახარიამაც გააკეთა მან პარტიის ხელმძღვანელს და მთლიანად გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის მთავრობის ახალ შემადგენლობას დღესვე წარადგენს.
გახარიამ მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ შს სამინისტროში მის ადგილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. რაც შეეხება ლევან იზორიას, გახარიას თქმით, ის უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.
„ეს არის ის ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია. რაც შეეხება პროგრამას, შევხდებით პარლამენტში და დეტალურად იქ ვისაბურებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
გიორგი გახარია შს მინისტრის პოსტზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მიმდინარე წლის აპრილიდან, მას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციაც დაეკისრა. 2016-წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იგი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრი მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა და ეკონომიკური საბჭოს მდივანი იყო. 2013-2016 წლებში კი, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა.
ქართული ოცნების გუნდში გამოჩენამდე, 1994-2013 წლებში, გიორგი გახარია მოსკოვში მოღვაწეობდა. 1994-1999 წლებში იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. 2004 წელს კი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სკოლის მაგისტრი გახდა.
ამის შემდეგ, გახარია მოსკოვში ძირითადად კერძო სექტორში საქმიანობდა. ასევე, პედაგოგიური საქმიანობითაც იყო დაკავებული, 2006-2009 წლებში, იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ბიოტექნოლოგიების მიმართულებით ლექციებს კითხულობდა.
გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობას ემთხვევა ხორავას ქუჩის საქმე, რასაც ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ დამდგარა და სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარებს.
საზოგადოების ნაწილი გიორგი გახარიას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევაზეც, რა დროსაც, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და პოლიციელები, ორმა მოქალაქემ კი – თვალი დაკარგა. უკვე ორ თვეზე მეტია, რაც გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)