Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა

ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პოლონეთს სტუმრობდა.

ზურაბიშვილი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მიწვევით იმყოფებოდა, სადაც მან მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაში 40 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა.

1 სექტემბერს გამართული ღონისძიების ყურადღების ცენტრში პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას გამოსვლა მოექცა, სადაც მან მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულები გაიხსენა და ევროპის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა დუდამ საქართველოსა და უკრაინაში არსებული სიტუაციაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ [მსოფლიოში] კვლავაც ადგილი აქვს საზღვრების გადმოწევას, ოკუპაციას, სამხედრო ტყვეებოს აყვანასა და შეიარაღებულ პროვოკაციებს.

„ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ. შეიარაღებულ აგრესიას გაგრძელების საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგანაც ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარი, ევროპისა და ზოგადად მსოფლიო საზოგადოების წინაშე. დაე, მეორე მსოფლიო ომის დრამა, რომელიც მთელმა მსოფლიომ გამოსცადა, აღარასდროს განმეორდეს“, – აღნიშნა მან.

შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან

ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა პირისპირ შეხვედრები გამართა ბულგარეთის პრეზიდენტთან რომენ რადევთან, ესტონეთის პრეზიდენტთან კერსტი კალიულადთან და უკრაინის პრეზიდენტებთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. საქართველოს პრეზიდენტი ბელგიის პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს შარლ მიშელსაც შეხვდა.

ბულგარეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართვლოს პრეზიდენტთან 1 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „შავი ზღვის რეგიონში კავშირების გაზრდის შესახებ საერთო მიზნებზე იმსჯელეს, რაც ვაჭრობის, ორმხრივი ინვესტიციებისა და ტურიზმის წახალისებას შეუწყობს ხელს“.

ამასთან, ორი ქვეყნის ლიდერებმა თავიანთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზეც ისაუბრეს, რაც ამ მომენტისთვის ყოველწლიურად 600 მლნ აშშ დოლარს აღწევს, თუმცა, მათი აზრით, ტრანსპორტის, ენერგო და ციფრული კორიდორის გაფართოების ხარჯზე, მომავალ წელს 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ზრდის პოტენციალიც აქვს. ზურაბიშვილმა და რადევმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხიც განიხილეს.

პრეზიდენტმა რადევმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მისი ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა. ამასთან, მისივე თქმით, ბულგარეთი „მხარს დაუჭერს მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას, მიმართულს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისაკენ“.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ესტონეთის პრეზიდენტი Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა და თქვა, რომ მან საქართველოს პრეზიდენტისგან საოკუპაციო ხაზთან არსებული სიტუაციის შესახებ „უახლესი ინფორმაცია“ მიიღო“. „მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქართველი დებისა და ძმების გვერდით“, – დაწერა მან.

კალიულაიდის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ევროკავშირის შესახებაც ისაუბრეს და სამეზობლო პოლიტიკის მხარდაჭერისა და პერსპექტივების გაფართოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მისივე თქმით, მან პრეზიდენტ ზურაბიშვილს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე ევროპულ ინსტიტუტებთან კოორდინაციის საკითხებზე იმსჯელეს. მათ ყურადღება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებზეც გაამახვილეს და უახლოეს მომავალში უმაღლესი დონის ორმხრივ ვიზიტზეც შეთანხმდნენ.

ევროპული საბჭოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შარლ მიშელთან შეხვედრას, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა და თქვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ასევე საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბელგიის მხარდაჭერაზეც ისაუბრეს.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრეას ნორლენს და სლოვაკეთის პრეზიდენტს ზუზანა ჩაპუტოვასაც შეხვდა და ვარშავაში გამოფენაც გახსნა სახელწოდებით „50 ქალი საქართველოდან“. პოლონეთში ვიზიტამდე, 27-30 აგვისტოს პრეზიდენტი პარიზს სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)