Site icon Civil.ge

პარლამენტმა გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა

გახარიას მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა. ფოტო: facebook.com/GeorgianGovernment/

საქართველოს პარლამენტმა 8 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე, ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მთავრობას, 98 ხმით, ერთხმად, ნდობა გამოუცხადა.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მთავრობაში თანამდებობებს შემდეგი მინისტრები დაიკავებენ:

გიორგი გახარია შს მინისტრის პოსტზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მიმდინარე წლის აპრილიდან, მას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციაც დაეკისრა. 2016-წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იგი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრი მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა და ეკონომიკური საბჭოს მდივანი იყო. 2013-2016 წლებში კი, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა.

ქართული ოცნების გუნდში გამოჩენამდე, 1994-2013 წლებში, გიორგი გახარია მოსკოვში მოღვაწეობდა. 1994-1999 წლებში იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. 2004 წელს კი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სკოლის მაგისტრი გახდა.

ახლად დამტკიცებული მთავრობის ყველა მინისტრი, გარდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა, ამავე თანამდებობებს წინა პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტშიც იკავებდა.

ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამავე უწყებას 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ხელმძღვანელობდა. 2015 წლის 1 აგვისტოდან კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

რაც შეეხება ახალ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ამ პოსტზე ლევან იზორია ჩაანაცვლა, ის 2012-2013 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013-2015 წლებში კი, მთავრობის მეთაურის თანამდებობას იკავებდა.

გახარია მთავრობის პრიორიტეტებზე, 20 ივნისის მოვლენებსა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე

გიორგი გახარიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის პრიორიტეტებზე, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაზე, უსაფრთხოებაზე, ეკონომიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება ოკუპაციის პრობლემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს „უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევას“ და „ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდ მუხრუჭს“ წარმოადგენს.

გახარიამ  ერთი მხრივ აღნიშნა, რომ ოკუპაციასთან ბრძოლას „სჭირდება რეალური საქმე“ და მიმართა პოლიტიკოსებს, რომ „პროვოკაციული, პოპულისტური, უპასუხისმგებლო ქმედებები“, რომლებიც შეიძლება აისახოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, უნდა დასრულდეს. მეორე მხრივ კი, მან ხაზი გაუსვა „გამჭრიახი პოლიტიკის“ გატარების აუცილებლობას და განაცხადა: „მტერთან ჭკვიანური, ცივი გონებით საუბარი არის ერთადერთი საშუალება იმისა, რომ გამოვიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დღესაც გვაქვს“. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატების „მაქსიმალური შესაძლებლობის“ ასათვისებლად.

ისევე როგორც წინა დღეებში საპარლამენტო ფრაქციებთან გამართულ შეხვედრებზე, დღევანდელ პლენარულ სხდომაზეც გიორგი გახარია 20-21 ივნისის მოვლენებს შეეხო და, ამ მხრივ, ოპოზიციისა და საკუთარ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მან ოპოზიცია „სიცრუის“ გავრცელებასა და „რეალობის მოდელირებაში“ დაადანაშაულა.

„ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, პარლამენტზე შტურმს ეძახის გამოხატვის თავისუფლებას. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ან პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ შეჭრილიყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც არის დაცვის ობიექტი და მათ პირდაპირი შტურმი მიიტანეს პოლიციის კორდონზე – ეს ადამიანები დღეს ამას ყველაფერს სხვადასხვა სახელებით ამკობენ და ამბობენ, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა გახარიამ.

მანვე დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლას თბილისში ასობით მოქალაქის დაშავება მოჰყვა.

გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმ დღეს სამართალდამცავებმა „პარლამენტზე შტურმი“ აღკვეთეს და „სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს“. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ის „თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა“ მადლობას უხდიდა, მისი გადადგომა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ თავს „დამნაშავედ“ გრძნობდა. „არ ვგრძნობ“, – თქვა გახარიამ, თუმცა იქვე დასძინა, რომ აცნობიერებს პასუხისმგებლობას აქციის დროს დაშავებული ადამიანების წინაშე.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები

დღევანდელ პლენარულ სხდომას საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები ესწრებოდნენ. ევროპული საქართველოს დეპუტატებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით პლენარულ სხდომაზე პალამენტის წევრი ნიკა მელია გამოვიდა.

მელიამ, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაშია ბრალდებული, დღეს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის პარლამენტს და მისი მეშვეობით დაიბრუნებს თავის ქვეყანას. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი შემოვა აი, აქ, ამ დარბაზში, ამ შენობაში, თავის შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა, როგორც სუვერენული ხალხი, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, შემოვა, როგორც მომავლის უპირველესი განმსაზღვრელი, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის მთავარი ამწყობ-დამწყობი“. მისივე თქმით, „დღეს საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას“, რაშიც ივანიშვილი ქართული ოცნების დეპუტატებს იყენებს.

მელიას გამოსვლის შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პლენარული სხდომების დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე უარი პარტიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმაც განაცხადეს. ამის მიზეზად პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ თავის გამოსვლაში ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის „დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია“ დაასახელა. მანვე გიორგი გახარია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და უმუშევრობის პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმების არქონის გამო გააკრიტიკა.

სამოქალაქო პროტესტი

პარლამენტის დღევანდელი სხდომა საპროტესო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციის ფონზე წარიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც შს მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხვონით 20 ივნისიდან საპროტესტო აქციებს ყოვედღიურ რეჟიმში მართავენ, დღეს საქართველოს პარლამენტთან სიმბოლურად ცხვრები მიიყვანეს. მათი თქმით, ცხვრები განასახიერებდნენ მმართველი პარტიის – ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებიც, მათივე განცხადებით, საკუთარი ნებით არ მოქმედებენ და ივანიშვილის მითითებებს ასრულებენ.

აქციას მშვიდ ვითარებაში არ ჩაუვლია. სამოქალაქო აქტივისტებთან  მივიდა პარლამენტის წევრი, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი, ემზარ კვიციანი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. პოლიციამ ემზარ კვიციანი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა. მოგვიანებით, კვიციანი სპორტის სასახლეში, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა ყრილობაზე მივიდა.

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია საღამოს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დამტკიცების შემდეგაც გაგრძელდა.

პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს გადადგომის შესახებ საზოგადოებას Facebook-ის საშუალებით ამცნო. ბახტაძემ ვრცელ გამოსამშვიდობებელ წერილში თქვა, რომ თავისი „მისია ამ ეტაპისთვის“ შეასრულა და თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)