Site icon Civil.ge

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე გუგუტიანთკარს ეწვია

ჟან-კრისტოფ ბელიარი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე სოფელ გუგუტიანთკარს ეწვია. ფოტო: Twitter/Erik Hoeg

ჟან-კრისტოფ ბელიარი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, 8 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარს ეწვია და იქ განხორციელებული „ბორდერიზაციის“ შედეგებს გაეცნო.

სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაციის“ პროცესი 2019 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე დაიწყეს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 20 აგვისტოს განაცხადა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, შეწყდეს სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად „რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა“, რაც გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხეხილის ბაღებსა და წყლის რესურსებზე წვდომას აბრკოლებს.

ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის თანახმად, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანს მიეწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არსებული ვითარების შესახებ. მისივე ცნობით, ჟან-კრისტოფ ბელიარი ასევე გაეცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობას, რისი მიზანიცაა, „მხარეებმა მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს“.

იმავე დღეს, ჟან-კრისტოფ ბელიარი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსაც გამოეხმაურა.

„ევროკავშირი, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რაც შეეხება ე.წ. არჩევნებს, რომელიც დღეს (8 სექტემბერს) აფხაზეთში იმართება, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს ამ არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ტარდება“, – განაცხადა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ.

გუგუტიანთკარის გარდა, ბოლო პერიოდში ვითარება დაიძაბა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხრეთ-დასავლეთით სოფლების – ჩორჩანასა და წნელისის ტერიტორიაზე, სადაც აგვისტოს ბოლოს თბილისმა საპოლიციო პოსტი განათავსა.

ქართული საგუშაგოს მოწყობამ ცხინვალის მკაცრი რეაქცია გამოიწვია. მისმა წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად 29 აგვისტოს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დატოვეს და თბილისს საგუშაგოს აღება მოსთხოვეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული საპოლიციო პოსტი ადგილზე დარჩებოდა.

ამის პასუხად, ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ ოსი „მესაზღვრეები“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან გამყოფ ხაზზე, სოფელ წნელისთან, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს, რაც წნელისიდან დაახლოებით 1 კმ-ით დასავლეთით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელდა.

5 სექტემბერს, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოთქვამს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და მოუწოდებს რუსეთს, „შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“. ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ „ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გუგუტიანთკარისა და ჩორჩანა / წნელისის უაღრესად შემაშფოთებელ ბოლოდროინდელ მოვლენებში“.

„ევროკავშირი ასევე ითხოვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (თავისი მანდატის შესაბამისად), ისევე როგორც ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმების, ჰუმანიტარული და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების დაშვებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)