ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ დღეს გამოაცხადა 8 სექტემბერს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც მოქმედმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ კი, ხმების 46.19% მიიღო.
ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა „პრეზიდენტთან“ ერთად „ვიცე-პრეზიდენტსაც“ ირჩევდა. შესაბამისად, არჩევნების შედეგების მიხედვით, ხაჯიმბას „ვიცე-პრეზიდენტის“ პოსტს ასლან ბარციცი დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე „აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საექსპერტო სამმართველოს უფროსი“ იყო.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი მოქმედებდა, კიდევ ორი უბანი რუსეთის ფედერაციაში – მოსკოვსა და ჩერკესკში იყო გახსნილი.
არჩევნების მეორე ტურისთვის ოკუპირებული რეგიონის „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ 127 136 ამომრჩეველი დაარეგისტრირა, რომელთაგან 8 სექტემბერს ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებზე 83 883 მოქალაქე (ამომრჩეველთა 65.98%) მივიდა. იმისათვის, რომ არჩევნები შემდგარად ჩათვლილიყო, მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა სულ მცირე 25%-ს უნდა მიეღო.
რაულ ხაჯიმბამ, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს მეორე ხუთწლიანი ვადით უხელმძღვანელებს, გამარჯვების შესახებ 8 სექტემბერს გვიან ღამით გამოაცხადა. ხაჯიმბას კონკურენტმა ალხას კვიცინიამ არჩევნების შედეგები არ სცნო და „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ მათი ბათილად ცნობა მოითხოვა.
გვიან ღამით სოხუმში, კვიცინიას საარჩევნო შტაბთან მისი მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დღეს დილით განიხილა კვიცინიას განცხადება და არ დააკმაყოფილა ის, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განცხადა, რომ კვიცინიას საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში შეუძლია.
თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ შედეგებს არ სცნობენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ე.წ. არჩევნებს „არ გააჩნია ლეგიტიმაცია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ ტერიტორიების ასიათასობით მკვიდრი მოსახლეობა არის იძულებით გადაადგილებული და დღეს იმყოფება დევნილობაში“.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს „არალეგიტიმური“ უწოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც, რომელმაც შესაბამისი კომენტარი 9 სექტემბერს გააკეთა. მანვე „აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისთვის“ მზადყოფნა გამოთქვა.
რიგმა ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაგმეს.
5 სექტემბერს, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა, რომელთა შორის არიან ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე აღნიშნეს, რომ არ სცნობენ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/08/2019 – აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართება
- 29/07/2019 – აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ 10 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
- 22/05/2019 – კანდიდატის მოწამვლის ბრალდებების შემდეგ, სოხუმმა არჩევნების თარიღი გადადო
- 26/08/2014 – ხაჯიმბა აფხაზეთის ახალი ლიდერი ხდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)