Site icon Civil.ge

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს

ლინას ლინკევიჩიუსი 9 სექტემბერს, თბილისში, დავით ზალკალიანს შეხვდა. ფოტო: mfa.gov.ge

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, რომელიც 8-11 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით თბილისს სტუმრობს, 9 სექტემბერს თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა და ლინკევიჩიუსმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო ურთიერთობები, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „ლიეტუვა არის საქართველოს უახლოესი მოკავშირე“ და წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის „განსაკუთრებულ მხარდამჭერს“. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის ხელშეწყობა და თანადგომა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ლიეტუველი მეგობრების მხრიდან ჩვენი ევროპული პროცესების დასაჩქარებლად, რაც გვაძლევს ხელშესახებ შედეგებს, მომავალშიც ინტენსიური იქნება“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ „დემოკრატიზაციას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება დასავლურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციაზე“. „მთავრობამ უნდა განაგრძოს კანონის უზენაესობის განმტკიცება, ხელი შეუწყოს მედიაპლურალიზმს, ასევე აწარმოოს დიალოგი ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან“, – აღნიშნა მან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა „მიუღებელი“ უწოდა და „მკაცრად დაგმო“ ყველა ის ქმედება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარებას და იქ განხორციელებულ უკანონო „ბორდერიზაციას“ უკავშირდება.

ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრისას, ლინკევიჩიუსმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ მხრივ „ლიდერი“ ქვეყანაა. რაც შეეხება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობას, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო, თავისი სამხედროების ჩართულობით და [ალიანსის წინაშე არსებული] საფრთხეების გაზიარებით, უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო“. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქართული საზოგადოების ერთიანობას.

ორმხრივი შეხვედრის გარდა, 9 სექტემბერს, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა თავმჯდომარეობით, საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომაც გაიმართა.

საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისია 2010 წელს შეიქმნა. მისი მიზანი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერაა.

იმავე დღეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.

გუშინ, ლინას ლინკევიჩიუსი ასევე დაესწრო თბილისის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე მონაწილეობა მიიღო „ბალტიის გზის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ლინას ლინკევიჩიუსი გიორგი გახარიას ხვდება, 2019 წლის 10 სექტემბერი, თბილისი. ფოტო: gov.ge

დღეს დილით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, განახლებული ვილნიუსის სკვერის გახსნას დაესწრო.

საღამოს კი, ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)