Site icon Civil.ge

ცხინვალი თბილისს „კრიზისის პროვოცირებაში“ ადანაშაულებს და გამშვებ პუნქტებს კეტავს

ახლადაღმართული ოსური ტრიკოლორი წნელისი-ჩორჩანას მონაკვეთზე. ფოტო: ცხინვალის KGB

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის რიგ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მხრიდან დაძაბულობის ზრდისა და აქედან მომდინარე ოპერატიული ვითარების გართულების გამო“, დროებით იკეტება ე.წ. რაზდახანის (ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი მოსაბრუნი / დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოძისი) და სინაგურის (საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სოფელი) გამშვები პუნქტები. ამავე განცხადების თანახმად, გამშვები პუნქტები ფუნქციონირებას „ვითარების ნორმალიზების შემდეგ“ განაახლებენ.

ცხინვალმა, „ცოდნის დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დროებით დახურვის შესახებ 3 სექტემბერსაც განაცხადა. გამშვები პუნქტები 6 სექტემბერს უნდა გახსნილიყო.

იმავე დღეს, ცხინვალის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ თბილისს „დანაშაულებრივ ქმედებებსა“ და „კრიზისის პროვოცირებაში“ დასდო ბრალი.

ცხინვალის „საგარეო უწყებამ“ კვლავ აღნიშნა, რომ თბილისი აგრძელებს სოფელ წნელისთან „სასაზღვრო ზოლში ფართომასშტაბიან მზადებას, რასაც თან ახლავს ადგილზე ქართული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლობის ზრდა, რომლის ცოცხალ სამიზნესაც სამხრეთ ოსეთის ასობით მცხოვრები წარმოადგენს“.

ცხინვალის „საგარეო უწყების“ მტკიცებით, საქართველო, „დასავლელი დონორებისგან მიღებული ფინანსური სახსრების გამოყენებით“, ახორციელებს „ოსური ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის და სამხრეთ ოსეთის მოსახლების ტოტალური მოსყიდვის გეგმას“. ამავე განცხადების მიხედვით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართული პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელსაც პარტია ქართული ოცნება ახორციელებს.

თავის განცხადებაში, ცხინვალის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“, როგორც ჩანს, დაეყრდნო „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ მიერ მოპოვებულ „საიდუმლო დოკუმენტს“, საიდანაც, ცხინვალის მტკიცებით, იკვეთება თბილისის მიერ შემუშავებული, „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების, ან ფინანსური შეთავაზებით გაერთიანების“ გეგმა.

ცხინვალის „საგარეო უწყება“ აცხადებს, რომ ქართული მხრიდან „ნებისმიერი ავანტიურა“ მარცხისთვისაა განწირული. მისივე მტკიცებით, „არ არსებობს არავითარი რუსული ოკუპაცია, ეს თავად ქართველმა აგრესორებმა და მათმა დასავლელმა მფარველებმა შეთხზეს, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისათვის საფრთხეს მხოლოდ საქართველო წარმოადგენს“.

გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით, კომენტარი დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. მან ამ გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს წარმოადგენს ადგილობრივ მოსახლეობაზე „პირდაპირი ზეწოლის“ მექანიზმს. მისივე თქმით, „ფაქტობრივად, რეგიონის სრული იზოლაცია ხდება და ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა იქმნება“.

ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან მუშაობს. „ჩვენ ყველა ამ არხით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დიდი ძალისხმევა იქნას გამოყენებული ამ ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების მისაღებად, რომ ხალხი ასეთი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ იყოს“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო პოსტი აგვისტოს ბოლოს განათავსა, რასაც ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნით ერგნეთში 29 აგვისტოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მომდევნო დღეს, სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.

5 სექტემბერს ცხინვალის „მესაზღვრეები“ სოფელ წნელისთან, საოკუპაციო ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)