Site icon Civil.ge

ვინ მოკლა საქართველოს მოქალაქე ბერლინის ცენტრში?

პოლიციელები ბერლინში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ადგილას. ფოტო: Fabrizio Bensch/Reuters

სალომე სალაძე

ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, ავსტრიაში ქართველ სტუდენტთა ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი. სალომე ავსტრიის წითელ ჯვარში მუშაობს.

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობაზე ინფორმაცია პრესაში 23 აგვისტოს გავრცელდა. თავდამსხმელმა მას თავისა და ზურგის არეში დღისით, 11:50 საათზე, მოკლე მანძილიდან იმ დროს ესროლა, როცა 40 წლის ხანგოშვილი მეჩეთში მიდიოდა. მსხვერპლი ადგილზევე გარდაიცვალა, მკვლელმა კი იარაღი იქვე, რამდენიმე მეტრში მდებარე არხში გადააგდო და ადგილიდან ველოსიპედით მიმალვა სცადა.

მალევე გერმანულმა „Tagesspiegel“-მა დაწერა, რომ მომხდარი შესაძლოა უბრალოდ  ორ პიროვნებას შორის არსებული უთანხმოებით გამოწვეული ყოფილიყო, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ან რელიგიური  სარჩული არ ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბერლინის პოლიციამ მკვლელის ვინაობა და ფოტო-რობოტი გამოაქვეყნა და მოკლულის გვარიც ცნობილი გახდა, გერმანულმა პრესამ მოუხშირა საუბარს, რომ შესაძლოა მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ფოტოს ავტორი: Timo Beurich

რა ვიცით ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ?

საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე და ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის ყოფილი  პრეზიდენტ ასლან მასხადოვის თანამებრძოლი იყო.  იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და ომის დროს იყო ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური. მისი სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც გაისმა, რომლის დროსაც, გერმანული პრესის თანახმად, ხანგოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა.

გერმანული პრესა იმაზეც წერს, რომ ხანგოშვილისადმი რუსეთის მტრობის კიდევ ერთი საბაბი, მისი რუსეთ-საქართველოს 5-დღიან ომში მონაწილეობა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ხანგოშვილს 2015 წელს, თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე დაესხნენ თავს და რამდენიმე ტყვია ესროლეს. ის გადარჩა და საფუძვლიანი ეჭვიც გაჩნდა, რომ მომხდარის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. უსაფრთხოების გარანტიის არქონის გამო, ხანგოშვილი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და დროებით უკრაინაში, შემდეგ კი გერმანიაში გადასულიყო და ოჯახთან ერთად პოლიტიკური თავშესაფარი იქ მოეთხოვა.  ამ პერიოდში მასზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო ბერლინში არსებულმა გერმანულ-კავკასიურმა საზოგადოებამ.

რა ვიცით ხანგოშვილის მკვლელზე?

ბერლინის პოლიციამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია მკვლელის ვინაობის შესახებ. მკვლელი რუსი, 49 წლის ვადიმ სოკოლოვი აღმოჩნდა, რომელიც სულ რამდენიმე დღით ადრე პარიზის გავლით ჩავიდა გერმანიაში.

სავარაუდო მკვლელი, 49 წლის რუსი ვადიმ სოკოლოვი ბერლინის  პოლიციამ მალევე დააკავა. ფოტო: FZ.de

სოკოლოვის ვინაობა ბევრ კითხვას აჩენს. საფრანგეთის საელჩოში, ვიზაზე განაცხადის შეტანისას მან დაბადების ადგილად ირკუტსკი, ციმბირი მიუთითა, ხოლო ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილად სანკტ-პეტერბურგი. აღნიშნული მონაცემებით რუსეთში არავინ იძებნება.  მისი პასპორტი არაბიომეტრიულია და 2019 წლის ივნისში, რუსეთის მიერაა გაცემული. რუსული საპასპორტო რეესტრი კი 2009 წლის შემდეგ მსგავსი ფორმით არაბიომეტრიულ პასპორტს აღარ გასცემს.

გამოცემა „Der Spiegel“-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მკვლელის პასპორტის ნომერი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება, რომელიც  წარსულში მსგავს დოკუმენტებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის წევრებისთვის (GRU) ამზადებდა. სწორედ ამავე ტიპის საპასპორტო ნომრით გადაადგილდებოდნენ 2018 წელს GRU-ს აგენტები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდერ მიშკინი, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობა სცადეს.

მკვლელობის სავარუდო მოტივი

გერმანულ პრესაში მკვლელობის დღესვე გაჩნდა ვარაუდი, რომ შემთხვევა რუსული პოლიტიკური დაკვეთა შეიძლებოდა ყოფილიყო. გერმანელი ჟურნალისტების აზრით, ხანგოშვილის რუსეთ-ჩეჩნეთის ომში რუსების წინააღმდეგ ბრძოლა, საკმარისი ფაქტია იმის სავარაუდებლად, რომ მისი მკვლელობა შეიძლება ვლადიმირ პუტინის ან რამზან კადიროვის პირადი შურისძიება იყოს, რომელიც მან რუსული საიდუმლო სამსახურების დახმარებით განახორციელა. ზელიმხან ხანგოშვილის სიცოცხლეს რომ საფრთხე ემუქრებოდა, გერმანიის სახელმწიფო ორგანოებს 2017 წელს შეატყობინეს. ბერლინში მომუშავე გერმანულ-კავკასიური საზოგადოების ხელმძღვანელმა, ეკეჰარდ მაასმა (Ekkehard Maass) ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში ღია წერილით მიმართა გერმანიის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილს საფრთხე ემუქრებოდა რუსეთიდან, რადგან მან როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში ცხოვრების დროს  რამდენჯერმე მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება. ამას ისიც ემატებოდა, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის ომის რამდენიმე მონაწილე დემონსტრაციულად მოკლეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიასა და ყატარში, ქუჩაში, ხალხის თანდასწრებით. მაასი სთხოვდა წერილის ადრესატს, რომ სახელმწიფოს ხანგოშვილი დაეცვა და ისეთ ადგილზე გადაეყვანა, სადაც მას პუტინის ხელი ვერ მისწვდებოდა. მიგრაციის სამსახურმა ეს განცხადება არათუ დააკმაყოფილა, არამედ ხანგოშვილს პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსის მიღებაზეც კი უარი უთხრა.

გერმანული გამოცემა „Der Spiegel“ მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ხანგოშვილის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობასაც ასახელებს და წერს, რომ ომში მონაწილეობის გარდა, ის 2015-2016 წლებში უკრაინაში მცხოვრები საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი იყო და ორივე მათგანი კრემლს მტრად ჰყავდა აღქმული. მისმა სააკაშვილთან სიახლოვემ რუსული მხარე, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღიზიანა.

რას ამბობენ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები?

უსაფრთხოების ბრიტანელი  ექსპერტი, „The Economist”-ის ყოფილი რედაქტორი და ორგანიზაცია „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (Center for European Policy Analysis) ხელმძღვანელი ედუარდ ლუკასი  (Edward Lucas) გერმანულ ჟურნალ Spiegel-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს , რომ გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის უსაფრთხოების დაცვა იმიტომაც ვერ შეძლო, რომ ზედმეტად ლოიალურადაა განწყობული რუსეთის მიმართ. მისივე თქმით, საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ამბავიც, რომ მთელი გერმანიის ტერიტორიაზე, რუსეთის სამი საიდუმლო სამსახური მოქმედებს: უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB),  საგარეო დაზვერვა (SWR) და რუსეთის არმიის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (GRU) და რომ ისინი წარმოდგენილნი არიან როგორც რუსი დიპლომატების, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეების სახით.

გერმანული დოიჩე ველლე (Deutsche Welle) ამავე თემაზე ესაუბრა ბრიტანელ ექსპერტს, საერთაშორისო კრიმინალისა და რუსეთის უსაფრთხოების საკითხებში, მარკ გალეოტის (Mark Galeotti), რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. გალეოტი ამბობს, რომ მკვლელობის ორ ვერსიას განიხილავს, რომელთა მიხედვითაც კვალსაც კადიროვამდე ან უშუალოდ პუტინამდე მივყავართ. მისი თქმით, ხანგოშვილი ჩეჩნური დიასპორის ის წარმომადგენელი იყო, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით ოპოზიციურად განწყობილი ჩეჩნების გაერთიანებას ცდილობდა და ეს არც რუსეთს და არც კადიროვს დიდად არ მოსწონდათ.

მკვლელობის შესაძლო გავლენა რუსულ-გერმანულ ურთიერთობებზე

ბუნდესტაგის წევრებს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებიათ მომხდართან დაკავშირებით. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ფრიც ფელგენთროის (Fritz Felgentreu) თქმით, ეს დუმილი კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს იმის შესახებ, რომ მომხდარის უკან რუსული სპეციალური სამსახურები დგანან და თუ ეს რეალურად ასეა, გერმანიის მთავრობამ უნდა აჩვენოს რუსეთს, რომ ქუჩაში ადამიანის მკვლელობისთვის დაუსჯელი არავინ დარჩება.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის (CDU) ხელმძღვანელი, ბურკარდ დრეგერი (Burkard Dregger) მომხდარს მწვავე განცხადებით გამოეხმაურა. დრეგერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ფაქტთან რუსეთის კავშირი დადგინდება, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობაზე და კიდევ უფრო დაძაბავს მას.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გამოეხმაურა გერმანიის მწვანეთა პარტიის (Die Grünen) წევრი, კონსტანტინ ფონ ნოტციც (Konstantin von Notz)  და გერმანიის მთავრობას მოუწოდა დროულად გამოიძიოს ხანგოშვილის მკვლელობა და მისი კავშირი რუსეთის სახელმწიფოსთან.

რუსეთის ოფიციალური პასუხი

ბრალდებებს მალევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბრისას უარყო რუსეთის მთავრობისა და საიდუმლო სამსახურების ყველანაირი კავშირი აღნიშნულ მკვლელობასთან. იმავე სააგენტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განუცხადა, რომ ამ დრომდე გერმანულ მხარეს მათთვის არანაირი დამარწმუნებელი დოკუმენტი არ წარუდგენია, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მკვლელობისთვის დაკავებულს რუსეთთან რაიმე კავშირი აქვს. მისი თქმით, გერმანულმა მხარემ მათ დოკუმენტების მხოლოდ ასლები გაუგზავნა, რომლებიც კონკრეტული დასკვნების გაკეთების საფუძვლად ვერ გამოდგება.

თუმცა, ოფიციალური რუსეთის უარყოფის მიუხედავად, ბრალდებული დაკავებიდან მალევე მოინახულეს გერმანიაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმაც, რომლებმაც მას საკონსულო საკითხებში დახმარება შესთავაზეს.

დამატებითი გარემოებები

ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიების დასაწყისშივე ბლომად კითხვა ჩნდება. საკვირველია, როგორ მოახერხა ვადიმ სკოლოვმა არარსებული სახელით, გვარითა და მისამართით მარტივად, 10 დღეში, საფრანგეთის საელჩოსგან შენგენის ზონისთვის ვიზის მიღება, მაშინ, როდესაც რუსეთის ჩვეულებრივ  მოქალაქეს რამდენიმე კვირიანი პროცედურები სჭირდება ვიზის ასაღებად.

ფაქტი ერთია, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი – მკვლელმა ძალზე მარტივად მიიღო ვიზა, ბერლინში სულ რამდენიმე დღის ჩამოსულმა იცოდა ხანგოშვილის გადაადგილების გრაფიკი და ის, თუ რომელ მეჩეთში მიდიოდა პარასკევის ლოცვაზე. თუმცა, კითხვას ერთი კონკრეტული ფაქტი ბადებს. ჩვეულებრივ,  რუსეთის უშიშროების თანამშრომლები, რომელთაც მსგავსი „დავალების“ შესრულება უწევთ, ნაკლებად ტოვებენ კვალს. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელმა კი ათეულობით მოწმის თვალწინ გაისროლა და მკვლელობის იარაღი, იქვე მდებარე არხში ჩააგდო. მისი რუსული ეროვნებაც ძალიან მალე დადგინდა, პასპორტის საშუალებით, რომელიც თან ჰქონდა. შეიძლება ეს ყველაფერი განგებ იყო დაგეგმილი, რათა მკვლელობის შემდეგ რუსულ კვალზე ხმამაღლა ისაუბრონ და ამით რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს ერთგვარად გაფრთხილება მისცენ, რომ მათი სიცოცხლე რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გერმანიისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსული საიდუმლო სამსახურები მის ტერიტორიაზე კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ. რამდენიმე წლის წინ ეს ლიტვინენკოს შემთხვევაში მოხდა, როცა მომწამვლელი ნივთიერების, პოლონიუმის კვალი ჰამბურგში დაფიქსირდა (დაქირავებული ქილერი, კოვტუნი ამ დროს ჰამბურგში იმყოფებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ მას პოლონიუმი სწორედ ამ ქალაქში გადასცეს).

რთულად სათქმელია, რა ზომებს მიმართავს გერმანია მკვლელობაში რუსული კვალის დადატურების შემთხვევაში. მსგავსი ფაქტი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სკრიპალის მკვლელობის მცდელობისას უკვე გვქონდა, როდესაც გერმანიამ რიგი ევროპული ქვეყნების მსგავსად, რუსი დიპლომატების ნაწილი გააძევა ქვეყნიდან.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სპეციალური სამსახურების მონაწილეობის დადასტურება, სავარაუდოდ,  გერმანია-რუსეთის დიპლომატიურ ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედებს და მხოლოდ რუსი დიპლომატების გაძევებით არ დასრულდება.

This post is also available in: Русский (რუსული)