Site icon Civil.ge

საქართველო და იტალია მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობათა დამყარებას გეგმავენ

ჭიათურელი მაღაროელები 1900-იანი წლებში. დავით აბაშიძის ფოტოკოლექციიდან. დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 11 სექტემბერი, N203

სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და იტალიას შორის

ანტანტის ქვეყნების გამარჯვების შემდეგ იტალია პირველი სახელმწიფოა, რომელიც არამც თუ დაინტერესდა, არამედ შეუდგა კიდეც საერთოდ ამიერ კავკასიის და განსაკუთრებით საქართველოს ბაზრის შესწავლას. რასაკვირველია, ეს არ ხდება იმდენად საქართველოსადმი განსაკუთრებულ სიმპატიის გამო რადგან სავაჭრო ურთიერთობაში მთავარი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ სახელმწიფოს რეალურ ინტერესებს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით მიმდინარე საუკუნის დასაწყისში იტალია არამც თუ მარტო პოლიტიკურათ, განმტკიცდა არამედ ვაჭრობა მრეწველობის მხრითაც არაჩვეულებრივათ გაძლიერდა. ჯერ კიდევ ომის წინათ მსოფლიო ბაზარზე იტალიის საქონელს ანგარიშს უწევდენ. ომის ხანში იტალიის მრეწველობა სხვა მეომარ სახელმწიფოებთან შედარებით ნაკლებათ დაზარალდა. ომის გათავების შემდეგ იტალია გაფაციცებით შეუდგა ახალი ბაზრების შეძენას, მდიდარ ქვეყნებთან დაახლოებას.

გასაკვირალი არ არის, რომ ერთ-ერთ ასეთ ქვეყნათ იტალიას მიაჩნია  ამიერ-კავკასია და განსაკუთრებით საქართველო.

ამას წინათ ტფილისში ჩამოვიდა იტალიის მთავრობის და იტალიის კოოპერატივთა წარმომადგენელი, რომელსაც დავალებული ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების დამყარება და კერძოთ საქართველოსა და საერთოდ ამიერ-კავკასიის ბაზრებთან. ხსენებული პირის მიწათ მოქმედების მინისტრთან საუბარმა ცხადჰყო, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ ურთიერთობას იტალიასთან. საქართველოს, წინ იშლება ფართე პერსპეკტივები ჩვენი ვაჭრობა-მრეწველობის აყვავებისა და მაშასადამე  ქონებრივად მოღონიერებისა.

საქართველოს რესპუბლიკის მომარაგების მთავარ სამმართველოს გამგე ბ . შრეიდერი ამ ჟამათ ამუშავებს მასალებს საქართველოს მინერალურ და სატყეო სიმდიდრის შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის იმის გამორკვევას, თუ რა და რა საქონელი და ნედლი მასალა და რამდენი შეიძლება გაიზიდოს უცხოეთში. ჩვენი ნედლი მასალის ევროპის ბაზარზე გატანა ჩვენს ქვეყანას მაშინვე ჩააბამს დასავლეთ ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობაში და საქართველოს ვაჭრობას დიდ ნდობას მოუპოვებს იქ. ამ მხრივ პირველი გაბედული ნაბიჯი გადმოსდგა ჩვენსკენ იტალიამ, რომელიც ყველა სხვა ევროპიელ სახელმწიფოზე ზღვით უფრო ახლოა ჩვენთან და როგორც ახალი, გაბედული მრეწველი ქვეყანა უფრო ხელსაყრელ პირობებში თანხმდება საქონლის გაცვლა-გამოცვლას.