ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენმა, რომელიც თბილისში 1 სექტემბერს ჩამოვიდა, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
„საქართველო ნორვეგიის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა გვაქვს საელჩო თბილისში“, – განაცხადა ნორვეგიის ელჩმა და დასძინა, რომ მისი მთავარი ამოცანა საქართველოს და ნორვეგიას შორის „საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობების“ გაღრმავება იქნება.
ზალკალიანთან შეხვედრაზე ნორვეგიის დანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის „სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ“. „ნორვეგია კვლავაც იქნება საქართველოს ერთგული პარტნიორი დემოკრატიული რეფორმების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის და ეროვნული ერთობის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებში“, – აღნიშნა მან.
თავის მხრივ, მინისტრი ზალკალიანი მიესალმა ნორვეგიის საელჩოს გახსნას საქართველოში, რაც, მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ინტენსიური, ღრმა, ყოვლისმომცველი და ორმხრივი ურთიერთობების დასტურია.
ნორვეგიამ თბილისში საელჩოს გახსნის გეგმების შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა. ამ გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიქსენ სორეიდემ აღნიშნა, რომ გადაწვეტილება ნორვეგიის ინტერესებისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მისი ურთიერთობების შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული.
მანამდე ნორვეგიის საელჩო ბაქოში ფუნქციონირებდა 1998 წლიდან და ის საქართველოშიც იყო აკრედიტირებული.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)